ცნობილი საფეხბურთო გამოცემა GOAL.com-ი თავის ვებ-გვერდზე „ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ საპასუხო მატჩზე სტატიას აქვეყნებენ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობენ.
„ფრთხილად, ბარსელონა – კვარადონა დაბრუნდა! ნაპოლის ფლანგის ჯადოქარი კვლავ ვქოვს თავის მაგიას“ – ასე ასათაურებს ჟურნალისტი სტატიას.
ისევე როგორც სერია A-ს ჩემპიონებმა, კვარაცხელიამაც რთული სეზონი გადაიტანა, მაგრამ ბოლო კვირებში მან ხელახლა აღმოაჩინა საკუთარი თავი და გოლების გატანა დაიწყო.
შეგვიძლია თუ არა შევადაროთ მისი სტილი მარადონას სტილს? გარკვეულწილად კი. მას „კვარადონას“ ტყუილად არ ეძახიან. მაგრამ არის თუ არა ცხოვრებაში ისეთივე აქტიური, როგორიც არგენტინელი? არა. ქართველი ყურადღების ცენტრში ყოფნას ერიდება და სინამდვილეში, საკმაოდ მორცხვია.
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, „ბარსელონასთან“ პირველ მატჩში მიდი საქციელი მოულოდნელი იყო. როდესაც მოედნიდან გაიყვანეს, მისი შოკისმომგვრელი რეაქცია ჰქონდა. აშკარად გაღიზიანებული ჩანდა არა მხოლოდ მწვრთნელის მიმართ, არამედ მისი თანაგუნდელების მისამართითაც. სკამზეც არ დაჯდა და თავისი უკმაყოფილება ნათლად აჩვენა. სათადარიგოს მარცხნივ, კიბის საფეხურზე ჩამოჯდა. შესაძლოა, მისი რეაქცია ისეთი ცუდი არ ყოფილა, როგორიც გასულ უქმეებზე „ენფილდზე“ კევინ დე ბრუინის საქციელი, მაგრამ კვარაცხელია აშკარად იტანჯებოდა.
მისი ხასიათი თამაშის შემდეგაც არ გაუმჯობესებულა, რადგან „ნაპოლიდან“ ის პირველი ფეხბურთელი იყო, რომელმაც მარადონას სტადიონი დატოვა, თავზე კი კაპიუშონი ჰქონდა წამოფარებული. მიქს-ზონაში პირდაპირ გაიარა და ჟურნალისტებთანაც არ გაჩერებულა.
შესაძლოა, ეს კალცონას მხრიდან უხეში ნაბიჯი იყო, თუმცა, იმ მატჩში კვარაცხელიას რეალურად, არაფერი გაუკეთებია. სახიფათო მომენტები ვერ შექმნა, არ ჰქონდა საკვანძო პასები და ბურთს მხოლოდ 36-ჯერ შეეხო. მერეტსაც კი მასზე მეტი შეხება ჰქონდა.
იმავე შეხვედრაში, კალცონამ მოედნიდან ვიქტორ ოსიმენიც გაიყვანა, თუმცა, ნიგერიელმა ანგარიშის გათანაბრება მოასწრო. მაგრამ ოსიმენის შემთხვევაში შემამსუბუქებელი გარემოებებიც იყო. აფრიკის თასიდან დაბრუნების შემდეგ დაღლილობას გრძნობდა და ტრავმის მიღების რისკიც მაღალი იყო.
არაპროდუქტიულობის მიუხედავად, კვარაცხელიას უკან დახევის საბაბი არ ჰქონია, ამის მიზეზი კი ბევრი იყო. ის სასოწარკვეთილად ცდილობდა, რომ „ნაპოლის“ დაცემა გამოესწორებინა. იმ არეულობაზე, რომელიც დე ლაურენტისმა შემოიტანა, არ შეიძლება პასუხისმგებლობა კვარაცხელიას დაეკისროს.
შესაძლებელია, რომ კვარაცხელიას ცუდი ფორმა და „ნაპოლის“ ვარდნა ერთმანეთსაც დავუკავშიროთ. როდესაც ის კარგად თამაშობს, გუნდიც შედეგიანია, ამას ვერ უარვყოფთ. მიმდინარე სეზონში ის არაერთხელ დაიკარგა, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე და ეს გუნდის თამაშზეც პირდაპირ აისახა.
კვარაცხელია არ ყოფილა ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც გასული სეზონის ბოლოსკენ საწვავი ამოეწურა. არადამაჯერებელი თამაში რამდენიმე ფეხბურთელს ჰქონდა – სტანისლავ ლობოტკას, ჯოვანი დი ლორენცოს, ზამბო-ანგისას და ა.შ. შემდეგ კი გუნდმა ორი მწვრთნელი შეიცვალა. ჯერ რუდი გარსია, შემდეგ კი ვალტერ მაცარი.
ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელია „ნაპოლიში“ საუკეთესო მოთამაშეა. ერთ მატჩში ის საშუალოდ უფრო მეტ დრიბლინგს ასრულებს, ქმნის მეტ შანსს და აწვდის საჯარიმოში, ვიდრე ამას გასულ სეზონში აკეთებდა.
თუმცა, მისი ეფექტურობა უდავოდ დაეცა. გასული სეზონი კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 14 საგოლე გადაცემით დაასრულა, ახლა კი მარტია და მხოლოდ 5 გადაცემა აქვს.
მაგრამ კვარაცხელია ბოლო კვირებში თვის ძველ ვერსიას ჰგავს. გვთავაზობს ისეთივე დამანგრეველ დრიბლინგებს და უნარებს, რაც 1 წლის წინ მარადონას სტადიონის დამანგრეველ ოვაციებს იწვევდა.
მოგვიანებით, „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ აღიარა, რომ თავიდან კვარაცხელიას მისამართით შეცდომები დაუშვა. ახლა კი ქართველი ისე თამაშობს, როგორც გუნდში მოსვლის შემდეგ კალცონას უნდოდა. იტალიელმა სპეციალისტმა კვარაცხელია ნამდვილად იპოვა, რაც „ნაპოლისთვის“ ძალიან კარგი ამბავია. ამან გააჩინა იმედი, რომ გუნდი თავის წარუმატებელ კამპანიას გადაარჩენს. „ბლაუგრანამ“ მარადონაზე კვარაცხელიას ყველაზე ცუდი ვერსია ნახა, სამშაბათს საღამოს კი შესაძლოა საუკეთესო იხილონ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ პირველი მატჩი დიეგო მარადონას სტადიონზე ფრედ, 1:1 დასრულდა, საპასუხო შეხვედრა კი დღეს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.