ნოეს პროტოტიპები
რას გვამცნობენ უძველესი მითები მსოფლიო წარღვნის შესახებ? უძველესი ლეგენდები და მითები დღესაც მოგვითხრობენ შორეულ წარსულში მომხდარი წარღვნისა და მასში გადარჩენილი გმირის შესახებ. ყველაზე გავრცელებულია ბიბლიური გადმოცემა ნოეს შესახებ, რომელმაც ოჯახთან ერთად ააგო ხომალდი და 40 დღე-ღამის განმავლობაში ელოდებოდა სტიქიის ჩაწყნარებას. ღვთის ნებით, იგი კატასტროფას გადაურჩა და მისი ხომალდი არარატის მთას მიადგა. უაღრესად დიდ ინტერესს იწვევს ის ფაქტი, რომ ამერიკის, ავსტრალია-ოკეანეთის ხალხების, ბერძნულ, შუმერულ, ჩინურ და სხვა მითოლოგიებში მეტ-ნაკლებად ასახულია ბუნებრივი კატაკლიზმის ბუნდოვანი ისტორია, რაც მსოფლიოს მასშტაბით არის გაფანტული.
შუმერულ მითოლოგიაში ბიბლიური ნოეს მსგავსი რამდენიმე პირი არსებობდა. მათ შორის გამორჩეული იყო უთნაფიშთიმი, რომელმაც ცოლთან ერთად ააშენა კიდობანი და შესაბამისად, წარღვნას მხოლოდ ის გადაურჩა.
ცნობილია აგრეთვე ხმეთაშუა ზღვაში მომხდარი კატასტროფა, რაც კუნძულ თერაზე ვულკანურმა ამოფრქვევამ გამოიწვია. აქ ნოესა და უთნაფიშთიმის მსგავსი კიდევ ერთი გმირი ჩანს, სახელად დევკალიონი, რომელმაც ასევე საკუთარი ხელით ააშენა კიდობანი და ცოლთან ერთად გამოექცა უბედურებას.
ბერძნული ლეგენდის თანახმად წარღვნა ზევსმა მოახდინა ბრინჯაოს ხანის ხალხის გასანადგურებლად. ეს შეიტყო პრომეთემ (ამირანმა), თავისი შვილი დევკალიონი გააფრთხილა და კიდობნის აგებაც ურჩია. 9 დღე-ღამის განმავლობაში ცოლ-ქმარი წყალზე ტივტივებდა, სანამ პარნასამდე არ მიაღწიეს. დევკალიონმა და მისმა მეუღლემ ადამიანთა მოდგმის განახლების სურვილი გამოთქვეს. ზევსმა ჰერმესის (ან ორაკულის) პირით მას ზურგს უკან “დიადი მშობლის ძვლების” გადაყრა უბრძანა. დევკალიონი მიხვდა, რომ “დიადი მშობელი” – დედამიწა იყო, ხოლო მისი ძვლები – ქვები. დევკალიონის მიერ ზურგს უკან მოსროლილი ქვებისგან მამაკაცები წარმოიქმნენ, ხოლო მისი მეუღლის ნასროლისგან – ქალები.
აცტეკური და ტოლტეკური მითოლოგიის თანახმად, ვინმე კოქსკოსმა თავის მეუღლე ჰოჩიკეცალთან ერთად კვიპაროსის ხისგან ააშენა მცურავი საშუალება და წარღვნას გადარჩენილი მიადგა კულუაკანის მთას (გავიხსენოთ ნოე და არარატის მთა). ამ მითში საინტერესოა ერთი გარემოებაც: კოქსკოქსსა და ჰოჩიკეცალს ბევრი შვილი ჰყავდათ, რომელთა უმრავლესობა მუნჯი იყო. მშობელთა სანუგეშოდ, აცტეკთა უზენაესმა ღვთაებამ მათ მტრედი მოუვლინა, რომელსაც ბავშვებისთვის ლაპარაკი უნდა ესწავლებინა. შვილებიდან მხოლოდ 15-მა შეძლო ამეტყველება და მითის თანახმად, სწორედ მათ დაუდეს საფუძველი აცტეკებისა და ტოლტეკების მოდგმას.
აცტეკურ მითოლოგიაში არის სხვა გადმოცემაც წარღვნის შემდეგ. კერძოდ, ერთ-ერთი ტომის უზენაესი ღვთაება ტესკატლიპოკა, იგივე ტიტლაკაუანი ვინმე ნატასა და მის ცოლ – ნენას ავალებს ხომალდის აშენებას მოსალოდნელი უბედურებისგან თავის დასაცავად. ცოლ-ქმარმა ღვთაებას დაუჯერა და სამშვიდობოს გავიდა. რაც შეეხება დანარჩენ მოსახლეობას, ისინი ადიდებულმა ტალღამ შთანთქა, რასაც ადამიანთა თევზებად გადაქცევა მოჰყვა.
ინკების მითოლოგიის თანახმად, მსოფლიო წყალდიდობის დროს სტიქიამ უმაღლეს მწვერვალამდეც მიაღწია და მთელი ხმელეთი დაფარა. კატასტროფამ ყველა იმსხვერპლა, გარდა ერთი მამაკაცის და ქალისა, რომლებიც “მცურავ ყუთში” იმყოფებოდნენ. როცა ყველაფერი დასრულდა, ისინი ქარმა ტიუანაკოსკენ (დღევანდელი ბოლივია) გააქანა, ლეგენდარული მაჩუ-პიკჩუსგან დაახლოებით 200 მილის მოშორებით.
რაც შეეხება ჩრდილოეთ ამერიკას, წარღვნის შესახებ მითი ამ კონტინენტის თითქმის ყველა ადგილობრივ ხალხს გააჩნდა. ალასკაზე არსებობს საინტერესო ტლინგიტური (სამხრეთ ალასკის სანაპირო) ლეგენდა, რომლის თანახმადაც ადამიანები წარღვნას გიგანტურმა კიდობანმა გადაარჩინა. ბოლოს ის კლდეს შეასკდა და ხალხი ორ ნაწილად დაიყო. კიდობნის გახლეჩამ მსოფლიოში ენების მრავალფეროვნება განაპირობა.
სკანდინავიური თქმულების თანახმად, ღმერთმა ოდინმა და მისმა ძმებმა დაამარცხეს ყინულის გიგანტი იმირი, იგივე აურგელმირი (სამყაროს შემქმნელი, უძველესი გოლიათი). მას ჭრილობებიდან სისხლი წამოსდინდა და მთელ მსოფლიოს მოედო. სისხლმა ყველა მაშინ მცხოვრები ადამიანი დაახრჩო, გარდა ბერგელმირის და მისი ოჯახისა. მან ცოლსა და შვილებთან ერთად თავს ნავით უშველა. რაც შეეხება ყინულის გიგანტ აურგელმირს, მისი სხეულის ნაწილებისგან ოდინმა და მისმა ძმებმა ჩვენი სამყარო შექმნეს.
აფრიკაში ცხოვრობს პიგმეების ტომი. ამ ტომის ხალხმა იმით გაითქვა სახელი, რომ მათი სიმაღლე 1.5 მეტრს არ აღემატება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ მსოფლიო ჯუჯებად იცნობს. მითი წარღვნის შესახებ სხვა აფრიკულ ტომებთან ერთად, რა თქმა უნდა, მათ თქმულებებშიც აისახა. პიგმეების ერთი ლეგენდა გვამცნობს, რომ ქამელეონს ხიდან უცნაური ხმა მოესმა. მან ხე გამოჭრა, საიდანაც წყლის ნიაღვარი წარმოდინდა და მთელი მსოფლიო დაფარა. პირველი წყვილი ადამიანებისა წყალთან ერთად წარმოიშვა.
ავსტრალიური მითოლოგია საკმაოდ მდიდარია წარღვნაზე ლეგენდარული გადმოცემებით, ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, სამყაროს შემქმნელი ბუნჯილი განარისხა ადამიანის ცოდვილმა ცხოვრებამ და მათ აბობოქრებული ოკეანე მოუვლინა. წარღვნას მხოლოდ ისინი გადაურჩნენ, ვინც ღვთაებას ყველაზე მეტად უყვარდა. სამყაროს შემქმნელმა ისინი ცაში აიტაცა და ვარსკვლავებად აქცია. მხოლოდ ერთი ქალი და ერთი მამაკაცი დარჩა დედამიწაზე, რომლებიც მთაში, ხეზე იყვნენ ამძვრალი, სადამდეც ოკეანემ ვერ ააღწია. შემდგომში მათ დაუდეს საფუძველი ჩვენს მოდგმას.
არც ახალ ზელანდიაში მცხოვრები მაორის ხალხის მითებსა და ლეგენდებს აუვლია გვერდი წარღვნის თემისთვის. ადგილობრივი ტრადიციის თანახმად, უძველესი ტომები ერთმანეთს განუწყვეტლივ ეომებოდნენ. ხალხმა უარყო უზენაესი ღვთაების, ტანეს (ტანე მაჰუტა – ტყეებისა და ფრინველთა ღმერთი) მოძღვრებები, რის გამოც სასტიკად დაისაჯნენ. წყლის რისხვამ ყველა ამოხოცა, გარდა ორი მამაკაცისა და ორი ქალისა, რომლებიც მცურავ ბორანზე იყვნენ. ნიშანდობლივია, რომ ბორანზე ცხოველებიც იმყოფებოდნენ.
მნიშვნელოვანია აგრეთვე ჰალაუს, პაპუა-ახალი გვინეის, პოლინეზიისა და სხვა ხალხების მითოლოგიები. მათ შორის ძალიან საინტერესოა პალაური გადმოცემა, რომლის თანახმად, წყალდიდობას ტივით გამოასწრო მოხუცმა ქალმა, მან მთაზე იმშობიარა და საფუძველი დაუდო მთელ კაცობრიობას.
მსგავსი ლეგენდები მსოფლიოს სხვადასხვა ხალხში სხვადასხვანაირადაა გაფანტული, მაგრამ ძირითადი არსით ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მათ შორის განსაკუთრებით ყურადსაღებია ჰავაის კუნძულებზე მცხოვრები ხალხის მითოლოგია, სადაც აგრეთვე ლაპარაკია მსოფლიო წარღვნის შესახებ. აქაც ერთი გმირი ჩანს, სახელოად ნუ’უ, რომლის ამბავიც და სახელიც ძალიან ჰგავს ნოესას, ნუ’უმაც ნოეს მსგავსად ააშენა მცურავი საშუალება და წყალდიდობას ცოლსა და შვილებთან ერთად გადაურჩა. როდესაც სტიქია ჩაცხრა, მისი ხომალდი მაუნა-კეას მთას მიადგა. ეს ადგილი ჰავაის კუნძულებზე დღესაც წმინდა ადგილად არის მიჩნეული.
ამგვარად, ნოეს პროტოტიპები უამრავია მსოფლიოში. ნოეს მსგავსთა შესახებ ინფორმაციას ვხვდებით ინდურ და ჩინურ მითოლოგიებშიც. ჩინურ ლეგენდებში ერთ-ერთი მათგანი ცნობილია ნუას და ნიუიას სახელით. გავიხსენოთ ჰავაელი ნუ’უ. არ არის გამორიცხული, სახელების მსგავსება უბრალო დამთხვევა იყოს, მაგრამ ნოე, ნუ’უ ან ნუა თითქმის იდენტურია და საკითხის წამოჭრის საფუძველს ნამდვილად ქმნის.
რაც შეეხება ინდურ ლეგენდებს, აქ მოქმედ პირს მანუ ჰქვია. ინდური ტრადიციის თანახმად, მანუმ იპოვა პატარა თევზი, რომელმაც მას დიდი თევზებისგან დაცვა სთხოვა და მანუც დათანხმდა. თევზი დროთა განმავლობაში გაიზარდა და კეთილი პატრონი გააფრთხილა, აეგო ხომალდი მოსალოდნელი წარღვისგან გადასარჩენად. მანუმ თევზს დაუჯერა და ხომალდი თოკით თევზს გამოაბა, რომელმაც იგი ერთ-ერთი მთისკენ გააქანა, საბოლოო, მანუც და ხომალდზე მყოფი ცხოველებიც წყალდიდობას გადაურჩნენ.
ბევრს გვსმენია ურუქის ლეგენდარული მეფის, გილგამეშის შესახებ. აღნიშნული ეპოსის ყველაზე სრულყოფილი ვერსია აღმოჩენილია ნინევიაში და იგი აშურბანიფალის ბიბლიოთეკაში ინახებოდა. ტექსტი შედგება 12 ფირფიტისგან და მნიშვნელოვანი ინფორმაციაა დაცული წარღვნის შესახებ. შუმერული ეპოსის თანახმად, ერთ-ერთ მითში მეფეს ეღუპება ერთგული თანამებრძოლი ენქიდუ, რაც უზომოდ ამწუხრებს ურუქის მეფეს. სწორედ ამიტომ გილგამეში მარადიული სიცოცხლის საიდუმლოს მოსაძებნად მიემგზავრება წარღვნას გადარჩენილ უთნაფიშთიმთან, რომელსაც ღმერთებმა უკვდავება მიანიჭეს.
გილგამეშის ეპოსი გარკვეულწილად გადმოგვცემს რეალობას უძველეს პერიოდში მომხდარი კატასტროფის შესახებ. რა თქმა უნდა ბევრ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, ისევე როგორც ებრაელების მიერ შუმერთა მითოსის ათვისებას, მაგრამ ზემოთ მოყვანილი პარალელები გვაფიქრებინებს, რომ ეს შესაძლოა იყოს უფრო დიდი, მასშტაბური, რეალურად მომხდარი მოვლენის გამოძახილი სხვადასხვა ხალხებში და მათ თქმულებებში.
შავი ზღვის დატბორვის თეორია
ერთ-ერთი კანდიდატი ამ მასშტაბური ტრაგედიისა, რომელიც შემდგომში მიჩნეული და აღქმული იქნა ღმერთების ან ღვთის სასჯელად სხვადასხვა ხალხის მიერ და შეიქმნა მითები გადარჩენილ ადამიანზე, ასევე არარატის მთის ფიგურირება ამ ამბავში, აშკარად მიგვანიშნებს რომ ეპიცენტრი ამ ყველაფრისა იყო შავი ზღვის რეგიონის აღმოსავლეთი მხარე. 1996 წელს შეიქმნა შავი ზღვის დატბორვის თეორია. ამ თეორიის თანახმად ძვ.წ. 5600 წელს (მე-6 ათასწლეულში) შავ ზღვაში ჩაედინა დიდი რაოდენობით მლაშე წყალი, დაახლოებით 3000 კუბური მილი და იქამდე ჩაკეტილი, მტკნარი ტბა, მლაშე ზღვად იქცა.
ეს იყო ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ტექტონიკური ჩაქცევა. სწორედ ამას მოჰყვა ხმელთაშუა ზღვის წყლის ინტენსიური შემოჭრა და ადგილობრივი მოსახლეობის განადგურება. შესაბამისად, მსგავსი ტრაგედია უძველესმა ხალხებმა შესაძლოა უდიდეს წარღვნად აღიქვეს, ვინაიდან დღესაც კი, 2019 წლის მონაცემებით მთელი პლანეტის მოსახლეობის 60% ცხოვრობს ზღვისპირა დასახლებებში. ისტორიულად ჩვენს სახეობას ეს ყოველთვის ახასიათებდა – ზღვისპირა დასახლებებისკენ მიდრეკილება. ამ მასშტაბის ტრაგედია ნამდვილად გაანადგურებდა ადამიანების უდიდეს ნაწილს, რამაც მომდევნო საუკუნეებში ჰიპერბოლიზება, გაზვიადება განიცადა და მსოფლიო წარღვნის ლეგენდად გავრცელდა მსოფლიოს ხალხებში.
წარღვნის ბიბლიური ვერსიის ნდობის საკითხი
ხოლო ადამიანებს, რომელთაც დღემდე ბიბლიაში ნოეს აღწერილი ამბის რეალურობის, და იმის, რომ ნოეს 8-შვილიანმა ოჯახმა, დაახლოებით 5, 000 წლის წინ ააგო ხის კიდობანი, რომელიც იყო 500 ფუტის, უვლიდნენ ბორტზე აყვანილ 14, 000 ცხოველს 40 დღის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში დედამიწაზე არსებული აბსოლუტურად ყველა მცენარე იყო წყალქვეშ, თან ოკეანის წყალქვეშ და მათ ამას გაუძლეს, ვკითხავ: ეს რეალურად მიგაჩნიათ? თუ თქვენი პასუხია დიახ, მაშინ განვაგრძოთ მსჯელობა და მოვისმინოთ ცნობილი მეცნიერის, ბილ ნაის (Bill Nye) ახსნა ამ ყველაფრის თაობაზე (იხ. ვიდეო და წაიკითხეთ ქვემდებარე ტექსტი, რომელიც ამ ვიდეოს თარგმანია):
“ყველას გსმენიათ დიდი კანიონის შესახებ აშშ-ში, რომელიც შესანიშნავი ადგილია როგორც ტურისტული მიზნებისთვის, ასევე სამეცნიერო კვლევებისთვისაც, ვინაიდან ის შეიცავს უამრავ ნამარხს, განამარხებულ ცხოველთა ნაშთებს და ეს განამარხებული ცხოველები განაწილებულნი არიან შრეებად. არც ერთი ადგილი არაა ნაპოვნი მთელს კანიონში, სადაც რომელიმე ცხოველი ამოდის მაღლა და არის იმ შრეში, სადაც არ უნდა იყოს, არადა ეს აუცილებლად მოხდებოდა თუკი მოხდებოდა წარღვნა ისე, როგორც ეს ბიბლიური ვერსიითაა გადმოცემული.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მსოფხედვის მატარებელი ხალხი, რომლებიც ეთანხმებიან ნოეს ამბის რეალურობას, ამტკიცებენ (ვინაიდან ბიბლიაც ამას ამტკიცებს), რომ ნოეს კიდობანი გაჩერდა დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, სომხეთის ისტორიულ მიწაზე მდებარე არარატის მთაზე დაახლოებით 5000 წლის წინ.
ამ კიდობანში იყვნენ დღეს ავსტრალიაში გავრცელებული ჩანთოსანი ცხოველებიც, მაგალითად კენგურუები. ამ ჰიპოთეზის თანახმად, კენგურუებს უნდა დაეწყოთ დროთა განმავლობაში ბინადრობა ევრაზიაში და ეტაპობრივი მიგრირება სამხრეთით – ავსტრალიამდე. თან ისე, რომ რატომღაც არცერთი მათგანი არ უნდა დარჩენილიყო ევრაზიაში საბინადროდ და არც აფრიკისკენ გავრცელებულიყო, ვინაიდან ვიცით, რომ კენგურუები და საერთოდ არცერთი ჩანთოსანი ცხოველი ავსტრალის გარდა სხვაგან არსად ბინადრობს. არცერთი ჩანთოსანი ცხოველის ნამარხი ან მათი აქ ბინადრობის რაიმე კვალი მთელი ევრაზიის ტერიტორიაზე არსად არაა ნაპოვნი არათუ ბოლო 5000 წლის, არამედ მთელი პლანეტის 5-მილიარდწლიანი ისტორიის განმავლობაში. არადა მათ რომ დღევანდელი თურქეთის, მცირე აზიის ტერიტორიიდან ავსტრალიამდე მთელი ევრაზიის გავლით მრავალწლიანი მოგზაურობა დაეწყოთ, უნდა დაეტოვებინათ რაიმე კვალი. არცერთ არქეოლოგს, არცერთ ადამიანს არასოდეს არანაირი ჩანთოსნების განამარხებული სხეული, ძვალი ან უმცირესი ნარჩენიც კი არ უპოვია არსად ევრაზიაში.
ასევე ვიცით, რომ ავსტრალიას ევრაზიისგან ჰყოფს ინდოეთის ოკეანე და იქ ხმელეთის ცხოველები ფიზიკურად ვერ გადავიდოდნენ, მაგრამ ამ აშკარა გამოუვალი სიტუაციიდანაც კი ნოეს ბიბლიური ვერსიის მხარდამჭერებმა მოძებნეს მეტად საოცარი გამოსავალი, რომ თითქოს დაახლოებით 5000 წლის წინ ავსტრალიას და ევრაზიას აკავშირებდა ინდოეთის ოკეანეზე გადებული სახმელეთო ხიდი და ამ ხიდის მეშვეობით მოახერხეს ცხოველებმა ერთი კონტინენტიდან მეორეზე გადასვლაო. კი, მაგრამ სად გაქრა მაშინ ეს ხიდი? თუ ამ აამიანებს ამ კითხვას დაუსვამთ, ისინი გიპასუხებენ, რომ ხიდი უბრალოდ გაქრა ბოლო 5000 წლის განმავლობაში.
აქ უნდა აღინიშნოს, რომ არცერთ მყვინთავს, არც ერთ მეცნიერს, არც ერთ ამერიკულ თუ სხვა ქვეყნის წყალქვეშა ნავს არასოდეს უპოვია ამის დამადასტურებელი უმცირესი მინიშნებაც კი. მტკიცება იმისა, რომ ავსტრალიას და ევრაზიას აკავშირებდა სახმელეთო ხიდი როგორც მინიმუმ ბოლო რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში – სრული აბსურდია. დიახ, არსებობდა პანგეა, მაგრამ ის 250 მილიონი წლის წინ დაიშალა სხვადასხვა კონტინენტად.
ასევე მინდა მივაქციოთ ყურადღება ბიბლიაში აღწერილ ერთ გარემოებას, ბიბლიაში აღწერილ ნოეს და მის რვასულიან ოჯახს არასოდეს აუგიათ არანაირი გემი. ისინი ამ საქმეში სრულიად გამოუცდელები იყვნენ და როგორღაც მაინც მოახერხეს კიდობნის აგება, რომელზეც დაეტია 7000 წყვილი, დედალ-მამალი ცხოველი – სულ 14, 000 ინდივიდი და ნოე და მისი ოჯახი – სულ 8 ადამიანი. გამოდის, რომ კიდობნის ბორტზე იმყოფებოდა 14, 008 მგზავრი. ამავე დროს, ეს ხის კიდობანი იყო თითქმის იგივე ზომის, რა ზომისაც გემი სახელად ვაიომინგი, რომელიც ააგეს მსოფლიოში საუკეთესო გემთმშენებლებმა და ინჟინრებმა 1800-იან წლებში. ეს გემი – “ვაიომინგი” იყო დაპროექტებული ყოველმხრივ საუკეთესოდ და გახლდათ უდიდესი ხის გემი, რაც კი ოდესმე აუგია კაცობრიობას. ამ გემს მოტორიც კი ჰქონდა და ყველანაირი იმ დროისთვის მოწინავე და საუკეთესო აღჭურვილობა. ამის მიუხედავად, ვინაიდან იყო ძალიან დიდი ზომის, ის ვერ უძლებდა ოკეანეში გადაადგილებას, იღუნებოდა და იდრიკებოდა ყველა მხარეს. ეს მით უმეტეს ისეთ დროს, როდესაც სრულებით არ იყო დატვირთული მგზავრებით და მხოლოდ 14 საუკეთესო მეზღვაური მართავდა და ზრუნავდა მის კარგად ფუნქციონირებაზე.
მიუხედავად ამ ყველაფრისა გემი “ვაიომინგი” ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა და ეს დაემართა გემს, რომელიც აგებული იყო ახალ ინგლისში, საუკეთესო გემთმშენებლების მიერ და მათაც კი ვერ შეძლეს აეგოთ მდგრადი ხის გემი, რომელიც იქნებოდა ამ სიდიდის და ამავე დროს შეძლებდა ღია ოკეანეში გადაადგილებას, ვინაიდან ეს სიდიდე არის ყოვლად შეუსაბამო ხის გემისთვის ოკანეში გადასაადგილებლად. არადა ბიბლიაში აღწერილი ნოეს კიდობანი ვაიომინგზე დიდიც კია! ჰყავდა არა ეკიპაჟის 14 წევრი, არამედ უძლებდა 14, 008 ინდივიდის წონის დატვირთვას, იყო აშენებული არაპროფესიონალების მიერ და გაუძლო უსაშინლეს წარღვნას 40 დღის განმავლობაში, ეს მაშინ, როდესაც ზემოხსენებულმა “ვაიომინგმა” გასვლაც კი ვერ შეძლო წყნარ, არააზვირთებულ ოკეანეში”.
12, 000 წლის წინ მომხდარი დიდი კატასტროფა
გრენლანდიაში აღმოაჩინეს 30 კილომეტრის რადიუსის კრატერი, რომელიც დატოვა მეტეორმა, რომელიც 12, 000 წლის წინ, დაახლოებით ძვ.წ. მე-100 საუკუნეში გრენლანდიას დაეცა და მისი აფეთქების ძალა აღემატებოდა ჰიროშიმაში აფეთქებულ ატომურ ბომბს 47 მილიონჯერ. აფეთქება იმდენად წარმოუდგენლად დიდი სიმძლავრის იყო სრულად მოსპო სიცოცხლე თავის გარშემო 100 კილომეტრის რადიუსით. დათარიღება რომ მაინც და მაინც 12 ათასი წლის წინ მოხდა არ არის ძალიან ზუსტი და შესაძლოა იყოს გარკვეული ცდომილებები, მაგრამ მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ აფეთქებამ გამოიწვია დიდი გადაშენება, რომელიც სწორედ 12 ათასი წლის წინ აღინიშნა ჩრდილოეთ ამერიკაში. ეს კრატერი დღეს დაფარულია 1 კილომეტრზე მეტი სისქის მქონე ყინულით. ამ ტერიტორიას 1997 წლიდან სწავლობდნენ და 2014 წლამდე შეგროვებული მონაცემების მიხედვით საბოლოოდ მივიდნენ დასკვნამდე, რომ შესასწავლი იყო ჩაღრმავება, რომელსაც რადარები აფიქსირებდა ყინულქვეშ. 2015 წელს მოხდა ამ ჩაღვრმავების კვლევების დაწყება დანიის კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სწავლულების მიერ და საბოლოოდ დადგინდა მისი სიდიდე, გამომწვევი მიზეზი და აფეთქების სიმძლავრე, რომელიც როგორც ზევით აღვნიშნეთ წარმოუდგენლად დიდი იყო და 47 მილიონჯერ აღემატებოდა ჰიროშიმაში ჩამოგდებულ ატომური ბომბის სიმძლავრეს.
1945 წელს ჰიროშიმას ბომბმა გამოიწვია აფეთქება, რომელიც უდრიდა 15, 000 ტონა ტროტილის აფეთქებას, ხოლო ამ მეტეორიტმა გამოიწვია 705 მილიარდი ტონა ტროტილის ეკვივალენტური (ტოლი) აფეთქება. ამ აფეთქებას ჰქონდა დიდი გავლენა გარემოზე, იმდენად რომ დაადნო მთელი მაშინდელი გრენლანდიის ყინული და გამოიწვია წყლის დონის მკვეთრი აწევა.