როცა ჩემი გოგონა წლინახევრის გახდა, ნათესავებისა და მეგობრებისგან დაიწყო გაუთავებელი შეკითხვები თუ რატომ არ ვაფორმებთ მას საბავშვო ბაღში. ხოლო საბავშვო მოედანზე ყოველ მეორე მშობელს ეცოდებოდა “საბრალო გოგონა, რომელიც მოწყენილია მარტო. ბაღში კი ისეთი მხიარულებაა და ბევრი ბავშვები არიან”…რამდენადაც ჩემთვის რთული წარმოსადგენი იყო წლინახევრის პატარების თაბრუდამხვევი მხიარულება, როგორც შემეძლო ამ შეტევებს ვუმკლავდებოდი, მაგრამ ოჯახში ვითარება ისე წარიმართა, რომ 2 წლის ასაკში ჩემი გოგონა სკოლამდელი დაწესებულების მორიგი მსხვერპლი გახდა.რატომ მსხვერპლი? იმიტომ, რომ შესაძლებელი რომ იყოს დროის უკან დაბრუნება, მას აღარასოდეს მივიყვანდი ბაგაში. ჩვენ ადაპტაცია არ გაგვივლია, ჩვენ ნამდვილი ჯოჯოხეთი გავიარეთ. ისტერიკა, ყვირილი, ცრემლები და ცინგლები-სახლიდანვე იწყებოდა.
წინააღმდეგობა, გამოწვეული გაურკვევლობით, თუ რატომ ტოვებენ მას უცხო ადამიანებთან, იმდენად ძლიერი იყო, რომ ორივენი ერთად მოვთქვამდით. ის ოთახში, სადაც ასევე ათობით ატირებულ ბავშვთან ერთად უნდა ემხიარულა წესით, მე კი ალაყაფთან, რომელზეც მომღიმარი მზე იყო დახატული ლამაზი წარწერის ქვეშ: “ საბავშვო ბაღი “მზე”-სიკეთის ბაღი, აქ ბავშვების ოცნებები ყოველთვის ხდებიან”
აღმზრდელები მანუგეშებდნენ, რომ ყველა ბავშვი განსხვავებულია, რომ მივეჩვევით, საჭიროა მხოლოდ მოცდა. ჩვენც ველოდით, მაგრამ მიჩვევა არ მომხდარა. არც ჩვენს და არც სხვა ბევრი ბავშვის შემთხვევაში.
თუ დაუსრულებელი ტირილის წრეს გამოვტოვებთ და საბავშვო ბაღისადმი ფსიქოლოგიურ ადაპტაციაზე შევჩერდებით, ჩემი გოგონა მას არასდროს არ მისჩვევია. ის უბრალოდ ბედს შეურიგდა.შეურიგდა და დადიოდა ბაღში, როგორც პატიმარი კატორღაში.ზოგჯერ ჩუმად, ზოგჯერ ყვირილით, მაგრამ დადიოდა.მას არ ჭირდებოდა სხვა ბავშვები, თამაშები, ცეკვები, ინგლისური და დომანის ბარათები. პატარა ადამიანი 2 წლის ასაკში შეურიგდა იმას, რომ ეს მის მშობლებს ჭირდებოდათ და სხვა გზა არ იყო.
როგორც ახლა ვიხსენებ, ჩვენი პირველი გამოსაშვები ზეიმი დილიდანვე ერთი ფრაზით დაიწყო:“დედა, ეს ნამდვილად ბოლო დღეა?ხვალ ნამდვილად აღარ წავალთ საბავშვო ბაღში?” და დიახ, ეს ჩვენი ბოლო დღე იყო ბაღში. შემდეგ იყო სხვა დეკრეტი, მომზადება სკოლისთვის, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.რათქმაუნდა, ბაღი მხოლოდ დაუსრულებელი ტანჯვა არ ყოფილა. იყო პლიუსებიც, ახალი მეგობრები და საქმროებიც კი! მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი “მიღწევა” მომატებული შფოთვაა, რომელშიც სხვა არავინაა დამნაშავე, თუ არა ჩვენ-მშობლები. მის შედეგებს კი დღემდე ვებრძვით.
ძალიან სამწუხაროა, რომ თანამედროვე მშობლებს არ შეუძლიათ თავს უფლება მისცენ ბავშვთან იმდენი დრო გაატარონ, რამდენიც საჭიროა. ყველას არ ყავს გვერდით ბებო, პაპა და ძიძა.ყველას არ შეუძლია სამსახურს თავი დაანებოს. მესმის იმ დედების და მამების, რომლებიც იძულებულნი არიან მსხვერპლი გაიღონ.ნეიროფსიქოლოგიის კუთხით, საბავშვო ბაღში მისაყვანი ოპტიმალური ასაკი არ არსებობს. რაც უფრო ადრე გრძნობს ბავშვი, რომ ის უსაფრთხოდ არაა, მით უფრო გვიან უვითარდება გარკვეული ფსიქიკური ფუნქციები:ყურადღება, აზროვნება და მეტყველება.
წარმოიდგინეთ, თქვენ უმწეო ბავშვი ხართ, ერთ მშვენიერ დღეს კი უსაფრთხო სამყარო დედის სახით-გაქრა! ეს ჩვენ, უფროსებმა ვიცით, რომ საღამოს დავბრუნდებით, ბავშვს ეს არ ესმის! ის “აქ და ახლა” რეჟიმით ცხოვრობს, თუ ახლა დედა წავიდა, ის აღარ დაბრუნდება. ასე ჩნდება ბავშვური ცრემლები, პროტესტი და საკუთარ თავში ჩაკეტვა.ზოგჯერ, მშობლებს უხარიათ, რომ ბავშვმა ისტერიკა არ ატეხა და მალე შეეგუა ბაღს. სინამდვილეში, ასეთი შემთხვევა უფრო რთულია. ასეთ ბავშვები განშორებას შინაგანად განიცდიან.ახლა კი, მოდი, დავფიქრდეთ, რა ცოდნის მიღება შეიძლება გამუდმებით დაძაბულ მდგომარეობაში?
ტრესის დროს ტვინი მეტყველების განვითარებას აფერხებს საბავშვო ბაღში, რადგან ბავშვს არ შეუძლია მთელი ძალით ჩაერთოს შემეცნებით პროცესებსა და სწავლაში. ამ დროს საბავშვო ბაღი შეფერხებაა და არა განვითარება.როცა დედების საუბარს ვისმენ იმაზე, რომ ბაღში შვილი ერთი წლის, წლინახევრის ან უფრო პატარა ასაკში მიიყვანეს, გულწრფელად მეცოდებიან ეს ციცქნა არსებები. პრინციპში, მინიმუმ 3 წლამდე ბავშვს მთელი ეს “განვითარებები”და საბავშვო ბაღის განვითარების პროგრამები არ სჭირდება, თუ დედა გვერდით არაა. ყველა ბავშვს არ შეუძლია სტრესის გადატანა, ისინი განსხვავებულები არიან.
თუ არის საშუალება, რომ ბაღში წასვლა გადაიდოს, გამოიყენეთ ის. 3 წლის შემდეგ განცდები რათქმაუნდა მაინც იქნება, მაგრამ არა მასშტაბური და ჯანმრთელობასა და ფსიქიკურ განვითარებაზე შედეგს არ იქონიებს.მთავარია არა ნაადრევი განვითარება, არამედ-დროული!ჩემი უმცროსი შვილი ბაღში 3 წლის ასაკში მივიდა და განსხვავებას ვხედავ. ის გარბის საბავშვო ბაღში და ტირის ხოლმე, როცა იქ არ მიმყავს.ბოლო დროს ასეთი ტენდენცია შეიმჩნევა. ბავშვების განვითარებას პირდაპირ საფენებში იწყებენ. რატომ? მთავარი ის კი არაა შეეცადო ბავშვს ტვინში ინფორმაციის მაქსიმუმი ჩაუდო, არამედ სწორად გამოიყენო მისი ტვინის რესურსები და ყველაფერი დროულად მიაწოდო.ძვირფასო მშობლებო, გულახდილად თქვით, ვისთვისაა საჭირო საბავშვო ბაღი? რათქმაუნდა, თქვენთვის. ბავშვის აღზრდა ძალიან რთულია და შეცდომებიც გექნებათ. მთავარია, ყველაფერი სიყვარულით გააკეთოთ, რომ ეს ბავშვმაც იგრძნოს.