7
წლის ბავშვის დედა “კურიერს” უყვება, როგორ იძალადა 43 წლის მამაკაცმა მის არასრულწლოვან შვილზე. ქალი თბილისის ერთ-ერთ უბანში სავაჭრო ცენტრში მუშაობს. იმ დღეს სამსახურში თან ახლდა შვილიც, რომელიც უცხო მამაკაცის მხრიდან გარყვნილი ქმედების მსხვერპლი გახდა.
მომხდარის შესახებ ბავშვმა დედას უამბო, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო. სამართალდამცველები დამნაშავის კვალზე კამერის ჩანაწერებით გავიდნენ. ირკვევა, რომ მამაკაცი არასრულწლოვანს უთვალთვალებდა, სარდაფში კი ზუსტად იმ მომენტში ჩაიტყუა, როცა ბავშვი დედისგან მოშორებით თამაშობდა. “კურიერი” დაინტერესდა, როგორ მოახერხა ბრალდებულმა დაცვის სამსახურით აღჭურვილი შენობის სარდაფში 7 წლის ბავშვის ჩაყვანა.
ბრალდებული ახლა წინასწარ პატიმრობაშია. მისი ინტერესების დამცველი “კურიერს” კომენტარზე არ დათანხმდა. ადვოკატი ამბობს, რომ საქმეზე გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დაწერილი.
“კურიერის” ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ იმ უბანში დააკავა, სადაც მას სახლი ჰქონდა ნაქირავები. მანამდე ის ბორჯომში ცხოვრობდა. ადგილზე გავარკვიეთ, რომ დაკავებული ძალადობის ბრალდებით წარსულში ერთხელ უკვე არის ნასამართლევი.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლ 7 წლის ბავშვთან ფსიქოლოგები მუშაობენ. მოსამართლის განჩინებით, ბრალდებული ახლა წინასწარ პატიმრობაშია. მას 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.