22 ივლისს 14 წელი გავიდა, რაც ხევსურეთში, სოფელ მუცოსთან, დღესასწაულ ათანგენობიდან წამოსული ორი ოჯახი მანქანით მდინარეში გადავარდა და შვიდი მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა.
2010 წლის 22 ივლისს მთელი საქართველო შეძრა და დაამწუხრა მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ – “ჯიპის” მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა, ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის – 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიღუპნენ პოეტ გელა დაიაურის მეუღლე, ნიჭიერი მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი – დემეტრე და ჯარჯი, თეონას და – ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი – მამუკა. საუბედუროდ, დემეტრე დაიაური და მამუკა არაბული ადიდებულმა მდინარე არღუნმა გაიტაცა ვერ იპოვნეს. თვითონ გელა დაიაური, თეონას ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი და დაიაურებისა და არაბულების მეგობარი თეონა ჭინჭარაული გადარჩნენ.
თეონა ქუმსიაშვილს, რომელიც შვილებთან ერთად ავარიის დროს დაიღუპა, წელს, 27 იანვარს 40 წელი შეუსრულდებოდა. გელა დაიაურმა ემოციურად მიულოცა მას დაბადების დღე.
„ერთი სურვილი მაქვს, არცერთ ადამიანს არ გამოაცდევინოს ის ტკივილი, რასაც ვგრძნობ უთქვენოდ. სულის ერთი ნახევარი სამუდამოდ ჩაღამდა და ჩაშავდა. ვეღარაფერი გაანათებს და გაასხივოსნებს ამ ნაწილს…. მხოლოდ სიზმარში ვარ სრულყოფილად ბედნიერი…. დაბადების დღეს გილოცავ, კუნწულიკო…. ღვთისმშობლის კალთა გფარავდეთ… ჩემო ჩასულო მზეებო ,“ – დაწერა გელა დაიაური.