იყო შემთხვევა, სიცრუის დეტექტორზე შესამოწმებლად მამაკაცმა ცოლიც და საყვარელიც ერთ დღეს მოიყვანა, რომლის პასუხებიც უფრო მომეწონება, იმას დავიტოვებო”
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სიცრუის დეტექტორით დასაბუთებულ-გამოკვეთილი ტყუილ-მართალი მტკიცებულებად არ ითვლება. მიუხედავად ამისა, სიცრუის დეტექციის ცენტრი, რომელიც სწორედ ამ მეთოდით მოიპოვებს ინფორმაციას, სულაც არ უჩივის მომხმარებლის სიმცირეს. რა სახის დახმარებისთვის მიმართავენ ცენტრს და რატომ არის მათთვის ინფორმაციის სიცრუის დეტექტორზე გადამოწმება საიმედო, ამაზე კომპანიის წარმომადგენლები გვესაუბრებიან.
ნინო ბერელაშვილი, სიცრუის დეტექციის ცენტრის თანადამფუძნებელი: – სიცრუის დეტექტორი ძალიან მგრძნობიარე აპარატია, სათანადო პროგრამული უზრუნველყოფით. მისი მეშვეობით პოლიგრაფოლოგს უპრობლემოდ შეუძლია დაადგინოს განსაზღვრულ გამღიზიანებელზე ადამიანის სპეციფიკური რეაქცია, რასაც ჩვენ მარტივად, “ტყუილს” ვეძახით. მომსახურება კონფიდენციალურია. ჩვენი მომხმარებლები უმეტესწილად არიან კომპანიები, რომლებიც თანამშრომლებს ამოწმებენ – ვისაც ფულთან აქვს შეხება და პირები, რომლებიც კომერციულ ან სხვა საიდუმლოებებს ფლობენ. მოგვმართავენ ოჯახები ძიძების შესამოწმებლად და ა.შ. ბევრი უცნაურობა გვინახავს. ერთხელ დედამთილმა რძალი მოიყვანა, მას ჯადოქრობას აბრალებდა. ვინაიდან ტესტირება ნებაყოფლობითია, რძალს გავაცანით პირობა და დათანხმდა, ოღონდ დედამთილი დავამშვიდოო. თავიდან არასერიოზულად მივუდექით ამ შეკვეთას, კითხვებზეც ბევრი ვიცინეთ (კითხვებს დამკვეთი გვაწვდის საკითხების სახით, რომელსაც შემდეგ ჩვენ ვადგენთ მეთოდიკის მიხედვით). დედამთილს აინტერესებდა, ჩაუსხა თუ არა რძალმა საჭმელში ძაღლის სისხლი, წაუსვა თუ არა მგლის ქონი და წამოიღო თუ არა სასაფლაოდან ის ლურსმანი, საწოლის ქვეშ რომ იპოვა. შედეგმა გაგვაოგნა – დედამთილის ეჭვი გამართლდა, მეტიც, თავიდან შედეგებს არ დავუჯერეთ და მეორედ გადავამოწმეთ რძალი.
კატეგორიულად დაუშვებელია სიცრუის დეტექტორზე შემოწმების მტკიცებულებად გამოყენება, ამიტომ დამკვეთი მხოლოდ ინფორმაციას სჯერდება. დედამთილმა გვითხრა, ამის დასჯა კი არ მსურდა, გიჟად გამოვყავდი და სიმართლის დამტკიცება მინდოდაო. მოგვიანებით ოჯახმა გვაცნობა, რომ წაუსწრიათ რძლისთვის, როცა დედამთილის სურათს სასაფლაოზე მარხავდა.
პაატა ხვედელიძე, სიცრუის დეტექციის ცენტრის თანადამფუძნებელი, პოლიგრაფოლოგი: – მნიშვნელოვანია, რომ ტესტირებისას ობიექტური იყო, ამიტომ ჩვენს საქმიანობას ემოციებით არ ვუდგებით. ეს მნიშვნელოვანია ტესტირების ტექნიკური გამართულობისთვისაც, ამიტომ ტესტირებისწინა გასაუბრებას ერთი პოლიგრაფოლოგი ატარებს, ტესტირებას – მეორე. ჩვენთან ძირითადად მოდიან ისეთები, ვისაც ცხოვრება დაენგრა და სიმართლის გარკვევის მიზანი არა შურისძიება, არამედ საკუთარ თავში დარწმუნებაა. ღალატის მსხვერპლს მეუღლე იმიტომ კი არ მოჰყავს, ღალატი რომ აღკვეთოს, არამედ იმიტომ, რომ მისთვის აუტანელია მუდმივად ტყუილში ცხოვრება. თუმცა იყო შემთხვევა, მამაკაცმა ცოლიც და საყვარელიც ერთ დღეს მოიყვანა, რომლის პასუხებიც უფრო მომეწონება, იმას დავიტოვებო.
– ფილმებში გვინახავს, როგორ ასწავლიან გამოცდილ აგენტებს ამ აპარატის მოტყუებას. – შესაძლებელია გამოუცდელი პოლიგრაფოლოგის მოტყუება, მაგრამ ვერ მოატყუებთ პოლიგრაფს! ის მეთოდები, რაც აფიშირებულია ინტერნეტში, თანამედროვე პოლიგრაფზე არ მოქმედებს! თუ ტესტირების ობიექტი ერთდროულად გააკონტროლებს გულისცემას, არტერიულ წნევას, სისხლში ადრენალინის დონეს, სუნთქვის სიხშირეს დიაფრაგმის ზევით და ქვევით, კანის ელექტროგამტარობას, ტვინის სისხლით მომარაგების მექანიზმს და ამასთან, ეცოდინება კონკრეტულად მისთვის შედგენილი კითხვარის საკონტროლო კითხვების ფორმულა, მაშინ შეიძლება შეძლოს.
– მიუხედავად ამისა, ალბათ, ბევრი თავის გამართლების მიზნით, იტყვის, ეს ტყუილია და კანონმდებლობაც იმიტომ არ აღიარებსო. – ცოტა ხნის წინ ჩვენი კანონმდებლობა არც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს ცნობდა, რაც დასავლეთის დემოკრატიის ერთ-ერთ მონაპოვრად ითვლება, ასე რომ, ეს სიახლეც ნელ-ნელა მოიკიდებს ფეხს.
– რომელ ქვეყანაში იყენებენ ამ მეთოდს? – ისრაელში, რუსეთში, ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში… ისრაელში წელიწადში ორჯერ ატარებენ სამხედროებს პოლიგრაფზე. რუსეთში სამსახურს, ფაქტობრივად, ვერ დაიწყებ, თუკი პოლიგრაფის ტესტი გავლილი არა გაქვს.
წყარო: kvirispalitra.ge