საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ოჯახის წევრები ისტორიული გამარჯვების დღეს განცდილი ემოციების შესახებ ,,მთავარი არხის” ეთერში ჰყვებიან.
როგორც ლაშა დვალის ცოლი, მაკა ბუაჩიძე იხსენებს, ამ დღეს მისი მეუღლის პენალტის ყურება ვერ შეძლო და მხოლოდ შეძახილზე მიხვდა, რომ მან გოლი გაიტანა.
,,შევტრიალდი და თვალებზე ხელი ავიფარე, ერთადერთი ის მესმოდა, რომ გოლი გავიდა”, – ამბობს მაკა.
ბუდუ ზივზივაძის მეუღლე, ნინი კვერნაძე აღნიშნავს, რომ ბუდუ გამარჯვებისთვის მორალურად მზად იყო.
,,ბუდუს ძალიან უყვარს თავისი მშობლიური ქალაქი ქუთაისი და სხვაგან მოგზაურობის ნაცვლად ხშირად აქ ვრჩებით ხოლმე”, – ამბობს ნინი კვერნაძე.
ცნობისთვის, საქართველომ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვებით ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.