ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში”მთავარი დიაგნოზი” საუბრობს, თუ რა უნდა გააკეთოს მშობელმა, როდესაც ბავშვს სიცხე აქვს, რომელ მედიკამენტს უნდა მიანიჭონ უპირატესობა და რა სიხშირითაა ტემპერატურის დამწევი საშუალებების გამოყენება რეკომენდებული:
– თუ საქმე სიცხის დაწევას ეხება, ამ მიმართულებით, 2 მედიკამენტი გამოიყენება ხოლმე. ესენია: პარაცეტამოლი და იბუპროფენი. როცა ბავშვებზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ჯობს, რომ სიცხის დაწევა უშუალოდ პარაცეტამოლით დავიწყოთ. მას თითქმის არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. მართალია, იბუპროფენი უფრო ძლიერი წამალია სიცხის დაწევის თვალსაზრისით, ვიდრე პარაცეტამოლი, მაგრამ პარაცეტამოლით დაწყება უკეთესია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იბუპროფენი არ გამოგვადგება. იბუპროფენი განსაკუთრებით ეფექტური მაშინაა, როცა ჩვენ არა მარტო სიცხის დაწევა, არამედ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც გვჭირდება. მარტივად რომ ვთქვათ – პარაცეტამოლი სიცხეს დაწევს, იბუპროფენი კი არა მარტო ტემპერატურაზე, არამედ ანთებაზეც მუშაობს. თავისი მოქმედებით, იბუპროფენი უფრო ძლიერი და ხანგრძლივია, ვიდრე პარაცეტამოლი. ამიტომაცაა, რომ ორივე მათგანს დღე-ღამეში მიღების სხვადასხვა სიხშირე აქვს. პარაცეტამოლის გამოყენება შეიძლება დღეში არა უმეტეს 5-6 მიღებისა. როგორც წესი, პარაცეტამოლი 500 მგ-იანი აბების სახით იყიდება. მისი მიღება ყოველ 4-6 საათში შეიძლება. დაიმახსოვრეთ, დღე-ღამეში 4 გრამზე მეტი პარაცეტამოლის გამოყენება არ შეიძლება. ანუ, 8 აბზე მეტის მიღება დღე-ღამის განმავლობაში კატეგორიულად აკრძალულია, რადგანაც ეს ღვიძლის დაზიანებას გამოიწვევს. გარდა ამისა, პარაცეტამოლს 3 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებში არ ვიყენებთ. ასეთ შემთხვევაში, პედიატრის კონსულტაცია აუცილებელია. რაც შეეხება იბუპროფენს, თუ პარაცეტამოლის გამოყენება 3 თვის ასაკიდან ზევით შეიძლება, იბუპროფენის გამოყენება 6 თვიდანაა შესაძლებელი.
იბუპროფენი თავისი მოქმედებით უფრო ხანგრძლივია. მაგალითად, თუ პარაცეტამოლი 4-6 საათის განმავლობაში მუშაობს, იბუპროფენი ამას 6-8 საათის განმავლობაში აკეთებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება დღე-ღამეში შეიძლება 3-4-ჯერ დაგვჭირდეს. იბუპროფენი 200 მგ-იანი და 400 მგ-იანი აბების სახით იყიდება. დღე-ღამეში მისი 2,4 გრამზე მეტი დოზის გამოყენება არ შეიძლება. თუ ბავშვს კუჭის ტკივილი, თირკმლის დაავადებები აწუხებს,, ასეთ შემთხვევებში იბუპროფენის გამოყენებას მოვერიდოთ. თუ მეტი არჩევანი არ გვაქვს, მაშინ მიეცით ეს მედიკამენტი უშუალოდ საკვების მიღებისას ან საკვების მიღების შემდეგ. ზოგჯერ მშობელი ასეთ შეცდომას უშვებს: როდესაც ბავშვს სიცხის დამწევ საშუალებად პარაცეტამოლს ან იბუპროფენს მისცემს, მერე გაციების საწინააღმდეგო ჩაის სთავაზობს. ფრთხილად იყავით, რადგანაც შეიძლება სწორად გათვალო დოზა და გაითვალისწინოთ, რომ დღე-ღამეში პარაცეტამოლი 4-5 აბზე მეტი არ უნდა მისცეთ, მაგრამ როდესაც გაციების საწინააღმდეგო ჩაის აძლევთ, მასშიც შეიძლება იყოს პარაცეტამოლი. ეს კი მის ღვიძლს საფრთხეს უქმნის. ამიტომ, ყოველთვის დააკვირდით გაციების საწინააღმდეგო ჩაიში რამდენია პარაცეტამოლის წილი. დაითვალეთ და თუ საერთო რაოდენობა 4 გრამს არ აჭარბებს, მაშინ პრობლემა არ არის.
გიორგი ღოღობერიძე ასევე განმარტავს, რამდენ ხანში უნდა დაიწიოს ტემპერატურამ და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ სიცხე არ იწევს.
– თუ ბავშვს პარაცეტამოლს მისცემთ, ის მოქმედებას 30-60 წუთში დაიწყებს. იგივე ითქმის იბუპროფენზეც. მაგრამ, როგორც წესი, ეფექტი, პიკურად 3-4 საათში ვლინდება. თუ გავიდა 3-4 საათი და ტემპერატურამ არ დაიწია, მაშინ შეგიძლიათ პრეპარატი ჩაანაცვლოთ. მაგალითად, თუ ბავშვს იბუპროფენი დაალევნეთ, მაშინ პარაცეტამოლით ჩაანაცვლეთ. პირიქითაც, თუ პარაცეტამოლი მიეცით და სიცხემ არ დაიწია, მაშინ იბუპროფენით შეცვალეთ. ეს არის ყველაზე სწორი სტრატეგია, როდესაც სიცხე წამლის მიცემიდან 4 საათის შემდეგ არ დაიწევს. თუ სიცხის დამწევები მიეცით, გავიდა 2-3 დღე და ამის მიუხედავად, ტემპერატურა კვლავ მაღალი რჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, ბაქტერიული ინფექციაცაა თანდართული და პრობლემა მხოლოდ სიცხის დამწევით ვეღარ მოგვარდება. ასეთ შემთხვევაში, პედიატრს უნდა მიმართოთ და ის შესაბამის მედიკამენტებს გირჩევთ.