მამა შალვა კეკელია ქვეყანაში ახალგაზრდების ნარკოდამოკიდებულების პრობლემაზე კიდევ ერთხელ საუბრობს.
„წლებია „ბასიანის” და საერთოდ, კლუბების პრობლემაა. შეგიძლიათ თქვენი თვალით ნახოთ მწარე რეალობა. შაბათ დილით 6-7 საათზე გამოდით ქუჩაში და ნახავთ, კლუბების მიმდებარედ ჩვენი ახალგაზრდები ქუჩაში როგორ წვანან. აი, ეს არის კლუბური ნარკოტიკის შედეგი, იქიდან გამოსულები გარეთ იხოცებიან. კლუბების მეპატრონეები ამბობენ, ჩვენთან არავინ კვდებაო. იქიდან გამოსული რომ კვდება, ამაზე თვალი უნდა დავხუჭოთ? ამფეტამინის მიღების შემდეგ ამდენი ადამიანი რომ შეიშალა და მძიმე ფსიქიკური პრობლემა აქვს, ეს არაფერია?
ახლახან ახალგაზრდა მომიყვანეს, რომელმაც მხოლოდ ერთხელ მიიღო კლუბ „ბასიანში” ამფეტამინის შემცველი ნარკოტიკი და ფსიქიკა შეერყა. წარმოიდგინეთ, ერთი მიღებით რა დაემართა! დაჰყავს ახლა ოჯახს ტაძარში პარაკლისზე, რადგან მეტყველებაც დაეკარგა, ჯანმრთელობა შეერყა…
სულ ვფიქრობ, ნუთუ ინტერესი არავის აქვს, რომ ამაზე საჯაროდ ისაუბროს? არც ერთ ტელევიზიაში ამ თემით არ დაწყებულა საინფორმაციო გადაცემა, თუნდაც იმ ამბით, ელენე რომ დაიღუპა კლუბში.
ელენეს 10 მეგობარი ამ ამბის შემდეგ „ბასიანიდან” ჩემთან მოვიდა. ყველა მომხმარებელი არ არის, ზოგი გასართობად შევიდა საცეკვაოდ და არ შეხებია ნარკოტიკს, თუმცა სასმელს სვამენ. როგორც ისინი ამბობენ, თუ თრობის ქვეშ არა ხარ, იმ მუსიკას ვერ მოისმენ. ელენეს მეგობრები ღვთის მადლით წამალდამოკიდებულები არ არიან და უნდათ ცხოვრების წესი შეცვალონ“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ