2 ნოემბერს წმინდა ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელ-სალოსის გარდაცვალებიდან 24 წელი შესრულდება. სიცოცხლის ბოლო წლებში ღირსი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო და მან საკუთარი ჯანმრთელობა ერთადერთ ადამიანს – ზურაბ ვარაზს ანდო.
საპატრიარქოს სოციალური დაცვის ხელმძღვანელსა და ექიმს წმინდანთან დაკავშირებით, უამრავი საინტერესო ისტორია აქვს გასახსენებელი. ერთ-ერთი ასეთი ამბავი მამა გაბრიელის უხრწნელ სისხლს უკავშირდება – ზურაბ ვარაზი ირწმუნება, რომ წმინდანის სისხლს აღებიდან 4 წლის განმავლობაში თვისებები არ შეუცვლია.
აი, რას ყვება ზურაბ ვარაზი მამა გაბრიელის უხრწნელ სისხლთან დაკავშირებით:
“არ იყო ადვილად დასაყოლიებელი პაციენტი… ერთხელ ასეთი შემთხვევა მოხდა, მისთვის სისხლი უნდა ამეღო ანალიზისთვის. არ აგაღებინებსო, – მითხრეს. გავრისკე და ვუთხარი: მამა გაბრიელ, სისხლი უნდა აგიღოთ-მეთქი. რათა? – მკითხა. ანალიზი უნდა გავაკეთოთ-მეთქი. რისი? – ისევ მკითხა. ჰემოგლობინი გვაინტერესებს, ღვიძლის ფუნქცია, სინჯებია საჭირო-მეთქი. ეგ თქვენი გემაგლობინები მე სულ არ მაინტერსებს. მე მაინტერებს-მეთქი. ჰოდა, შენ გამოიღე სისხლიო. რამე რომ მოგივიდეს, ღმერთი დამსჯის შენი გულისთვის ღმერთს ჩემს თავს ნუ დაასჯევინებ-მეთქი. დახე, რა მითხრა? აიღე შვილო, რამდენიც გინდა… ავიღეთ სისხლი, მაგრამ მაშინ არ ვიცოდით, რომ ის სისხლი 4 წლის განმავლობაში არ გაიხრწნებოდა…
– რა მოხდა?
– სინჯარაში მოვათავსეთ 10 გრამი სისხლი, რომელსაც თავის საცობი გავუკეთეთ. ჩემთან ერთად იყო ექიმი ნათია არაბიძე. იქიდან რომ წამოვედით, ისე მოხდა, რომ ნათიას გზაში სინჯარა ხელიდან გაუვარდა, დაბლა დაეცა, საცობი მოძვრა, სისხლი დაიქცა და შიგ მხოლოდ 2 გრამი დაჩა. საცობი ისევ მოვარგეთ და წამოვედით, რადგან შეუძლებელი იყო, მივბრუნებულიყავი და მეთქვა, სისხლი ისევ უნდა ავიღოთ-მეთქი… დარჩენილი 2 წვეთი ლაბორატორიაში მივიტანეთ, მაგრამ ცოტაა და არაფერი გამოვა, არ გვეყოფაო. მერე ნათიამ სინჯარა შეინახა, რადგანაც ვუთხარი, შეიძლება, სადმე მიკროანალიზს აკეთებენ და იქ მივიტანოთ-მეთქი.
2 დღის შემდეგ მამა გაბრიელის მდგომარეობა გაუარესდა, დამძიმდა, მარცხენა საზარდულის თიაქარი ჩაეჭედა. დამირეკეს, ჩავედი და ვუთხარი, – სასწრაფო ოპერაცია გჭირდება-მეთქი. არავითარ შემთხვევაშიო. მერე შევეცადე, თიაქარი ხელით ჩამესწორებინა, თუმცა ვუთხარი, შეიძლება გაგიმეორდეს და საოპერაციო გახდე-მეთქი. თუ ოპერაცია მაინც გარდაუვალი იქნება, მოვიტანთ ყველაფერს და აქ გაგიკეთებთ, როგორც სამხედრო ქირურგები, საველე პირობებში ვიმოქმედებთ-მეთქი. კვლავ უარი მივიღე. მეორე დღეს, განმეორდა თიაქრის ჩაჭედვა, უფრო დიდი მასშტაბით. გამოიბერა და ტკივილისგან ძალიან შეწუხებული იყო. ოპერაციაზე კვლავ არ დამთანხმდა და თქვა: “12 წლიდან მოგდევ უფალო, დავიღალე, ამოიღე სული!”. მივხვდი, არაფრის გაკეთება არ შემეძლო, თუმცა ჩაჭედილი თიაქრის გამო, რომ ადამიანი არ გადარჩეს, შეუძლებელია, მაგრამ ოპერაციაზე უარი მივიღე.
მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა, დღის 3 საათიდან აღარ ლაპარაკობდა, თვალმოუშორებლად წმინდა ნიკოლოზის ხატს უყურებდა. ეს მდგომარეობა საღამოს 9 საათამდე გაგრძელდა. იმ დროს მეუფე დანიელი მობრძანდა. მკითხა, – როგორ არის? ვუთხარი, – მდგომარეობა ტერმინალურია, აგონიური… მეუფე დანიელმა სულის გათავისუფლების ლოცვა წაიკითხა. ნახევარი საათის შემდეგ მამა გაბრილმა გაიღიმა და სული განუტევა… მისი მაჯა ხელში მეჭირა და ბოლო პულსიც შევიგრძენი… პულსი აღარც საძილე არტერიაზე იყო.
– ბატონო ზურაბ, დარჩენილ 2 გრამ სისხლს რა ბედი ეწვია?
– 4 წლის მერე თეამ მოიტანა სინჯარაში მოთავსებული სისხლი და მითხრა, რომ ისევ ისეა, როგორც 4 წლის წინო. ამაში თავადაც დავრწმუნდი. არც შედედებულიყო, არც ფერი შეეცვალა. ვერ მოვითმინე და წვეთი შუშაზე გავუსვი, ნაცხი გავაკეთე, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში გავაგზავნეთ. არც გვარი, არც სახელი, ასაკი მიგვიწერია და არც ის გვითქვამს, რომ 4 წლის სისხლი იყო. წარმოიდგინთ, რომ ფორმულა რიგზე იყო – ლეიკოციტები, ერითროციტები… სისხლმა ჰემოლიზი არ განიცადა, უჯრედები არ დაიშალა, არ გაიხრწნა. იმ პასუხით აკადემიკოს თამარ დეკანოსიძესთან (პათოლოგანატომი) მივედით და ყველაფერი ვუთხარით. გაოცდა. მოდი, კიდევ გააკეთეთ ერთი ნაცხი სისხლის გადასხმის ინსტიტუტშიო. იქაც იგივე პასუხი მოვიდა. ბოლოს პატრიარქთან მივედი და ყველაფერი ვუამბე, უწმინდესი არასოდეს არის სენსაციებზე გამოკიდებული, ფრთხილია და მითხრა: დავაკვირდეთ ამ საკითხს, სისხლი შეინახეთ და ყველაფერი გამოჩნდება, რასთან გვაქვს საქმეო.
შემდეგ სატატია დაიწერა, სადაც ჩემი მოსაზრება დავაფიქსირე, – შესაძლოა, ადამიანის ასკეტურმა ცხოვრებამ, ლოცვამ, ღმერთთან სიახლოვემ და მისმა მეოხებამ გამოიწვია ის, რომ სისხლი განუხრწნელი გახდა-მეთქი. ეს ყველაფერი მამა გაბრიელთან დაკავშირებით რომ მოხდა, არ გამკვირვებია, არ იყო ორდინალური ადამიანი. მისი გარდაცვალების შემდეგ, სამთავროს მონასტრის ეზოში, საფლავთან უამრავი მლოცველი ჩადიოდა, სადაც ადამიანები იკურნებოდნენ, ამ ამბებს დედა პარასკევა მიყვებოდა ხოლმე. ბევრი რამ მოხდა და მომწიფდა საკითხი, რომ მამა გაბრიელის კანონიზაცია მომხდარიყო. ამას მიემხრო მთელი სინოდი და მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება, “ჩემს საფლავზე მილიონი ადამიანი მოვა” – ახდა. მისი საფლავიდან აღმოყვანების დროს ვერ გეტყვით, იქ რა რაოდენობის ადამიანი იყო. შემდგომ სამებაში, სადაც დასვენებული იყო, დღე და ღამე რიგი არ წყდებოდა. ასეთი რამ ხელოვნურად არ ხდება, ხალხს სურვილის გარეშე ვერსად მიიყვან.