26 ნოემბერს მოლდოვაში უხვი რაოდენობით თოვლი მოვიდა. დიდთოვლობის გამო ჩაიკეტა რეგიონალური ავტომაგისტრალები, რიგ დასახლებებს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, ასევე, მოხდა მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია. 27 ნოემბერს თოვლში გაჭედილ მანქანაში 2 ადამიანის გაყინული სხეული იპოვეს.
დაღუპული ასაკოვანი ცოლ-ქმრის ახლობლების მტკიცებით, ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუ სამაშველო სამსახური 112 თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად შეასრულებდა.
ნათესავების თქმით, ცოლ-ქმარს სოფელ კოშკალიაში, ქალის ლოგინად ჩავარდნილ დასთან მობილური ტელეფონი მიჰქონდა. სოფლამდე რამდენიმე კილომეტრში მანქანა თოვლში გაიჭედა, ამის შემდეგ წყვილიც და მათი ოჯახის წევრებიც 112-ში რეკავდნენ, მაგრამ დახმარება 6 საათის დაგვიანებით მივიდა.
ოჯახის წევრები ასევე ამბობენ, რომ ცოლ-ქმარმა დარჩენილი დისტანციის გავლა რამდენჯერმე ფეხით სცადა, თუმცა ქალი შეუძლოდ გახდა და წყვილი მანქანაში დაბრუნდა.