8-თვიანი გამოძიების შემდეგ სლოვაკეთის პოლიციამ ცნობილი რეპერის პატრიკ ვრბოვსკის, იგივე Rytmuse-ის სახლის ძარცვისთვის ბრალი წარუდგინა საქართველოს ორ მოქალაქეს. მათგან ერთი უკვე დაკავებულია, ერთზე კი ძებნაა გამოცხადებული.
გამოძიების ინფორმაციით, მძარცველებმა მუსიკოსის სახლიდან თითქმის 90 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასი ნივთები მოიპარეს, ნაძარცვი კი სახლიდან ჩემოდნით გაიტანეს.
ბრატისლავას პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბრალდებულები არიან 53 წლის აკაკი პ. და 46 წლის ნიკო პ.
ვრცელდება დანაშაულის ამსახველი ვიდეოც, სადაც ჩანს, თუ როგორ შედიან მძარცველები მუსიკოსის სახლში და როგორ ტოვებენ ნაძარცვი ნივთებით ტერიტორიას.