სამხედრო პოლიციამ ბოლნისში, ავიაკატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა. ტერიტორიაზე აღარ იმყოფებიან თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები.
თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. დაგეგმილია ქიმიური, ბალისტიკური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზები. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში, რამდენიმე ჰექტარ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ექსპერტ-კრიმინალისტებმა დეტალურად დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. ამოიღეს მტკიცებულებები. შავი ყუთი და საფრენი აპარატის ნაწილები, ასევე – მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. უკვე გამოჰკითხეს მოწმეებიც. მიზეზების დადგენის მიზნით, სამხედრო პოლიცია გენერალური პროკურატურის ზედამხედველობით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს განაგრძობს.
“კურიერი” დაღუპულის ახლობლებს ესაუბრა. მათი თქმით, არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა დაღუპულ პილოტს ავიაკატასტროფამდე ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა.
“ეჭვობენ, რომ შეიძლება ჯანმრთელობამ უღალატა, გულმა ან რაღაც… სამხედროები ამბობენ, რომ შემოწმებული იყოო თვითმფრინავიც და თვითონ კახაც” – ამბობს ერთ-ერთი ახლობელი.
ცნობისთვის, “სუ 25” ბოლნისის მუნიციპალიტეტში ორი დღის წინ ჩამოვარდა, დაიღუპა პილოტი. კახაბერ ზურაბაშვილის ცხედარი დღეს გორში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.