საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩვენს გაოცებას არ წყვეტს. ესპანეთთან მერვედფინალური მატჩის მოახლოებასთან ერთად, ქომაგების მღელვარება პიკს აღწევს. მატჩიდან მატჩამდე საუკეთესო მომენტებს ვიხსენებთ და ცხარე დებატები გვაქვს ერთმანეთთან.
სოციალურ ქსელში განხილვის და კრიტიკის თემა გიორგი მიქაუტაძის ჟესტი გახდა, რომელსაც ფეხბურთელი გოლის გატანის შემდეგ მიმართავს. ეს არის დურბინდის ჭერის იმიტაცია, რომელიც საკმაოდ სახალისოდ გამოიყურება, თუმცა, როგორც ჩანს, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ვერ გაუგია, რაც ნიშნავს მისი ეს ქმედება.
ცნობილი ფაქტია, რომ მიქაუტაძე 15 წლის ასაკში „ლიონში“ თამაშობდა, საიდანაც ფრანგულმა საფეხბურთო კლუბმა გაუშვა. უთხრეს, რომ პრობლემა მისი ფიზიკური მონაცემები იყო.
„ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო – მითხრეს, რომ „ლიონში“ ვეღარ დავრჩებოდი. ეს დღე ძალიან ცუდად მახსოვს…
როდესაც ლიონიდან გამომიშვეს, 15 წლის ასაკში, ფეხბურთისთვის თავის დანებებას ვფიქრობდი, მაშინ მშობლებმა მითხრეს, ფეხბურთს თავი არ უნდა დაანებო, თუ გინდა პროფესიონალი ფეხბურთელი გახდე, უნდა ივარჯიშო, ამას მხოლოდ შრომით მიაღწევო“, – გაიხსენა ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგი მიქაუტაძემ.
როგორც მისი გულშემატკივრები ამბობენ, ახლა, ამ ქმედებით ის მიანიშნებს, რომ შორიდან კარგად უყურონ და დაინახონ, როგორ მიდის მისი საფეხბურთო კარიერა.