უხვმა ნალექმა ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც დაიტბორა სასოფლო სამეურნეო სავარგულებისა და საცხოვრებელი სახლების ნაწილი. დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან, გიორგი მაქარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პირადად გაეცნო სტიქიის ზონაში განვითარებულ მოვლენებს.
სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზიანა ბოლნისის, მარნეულის, თეთრიწყაროს და დმანისის მუნიციპალიტეტები. ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ზოგიერთ ადგილას საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაციაც.
უამინდობის გამო შექმნილი პრობლემების მოგვარების მიზნით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტების მასშტაბით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. პარალელურად, შექმნილია სტიქიისგან მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიაც.