მრავალ ქრისტიანულ სასწაულთა შორის კეფალონიის სასწაული გამორჩეულია იმით, რომ ათეისტებმა ამ მოვლენას ვერანაირი ახსნა ვერ მოუძებნეს. ამ ფენომენს ადგილი აქვს კუნძულ კეფალონიაზე, რომელიც იონიის ზღვაში მდებარეობს და მხოლოდ იმით არ არის გამორჩეული, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძულია ამ ზღვაში. სწორედ ამ კუნძულზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს, ყოველწლიურად აღესრულება სასწაული, რომელიც მნახველებს ანცვიფრებს – სოფელ მარკო პოლოში, ღვთისმშობლის მიძინების სამლოცველოში, დღესასწაულზე დასასწრებად და ხატის თაყვანის საცემად ტაძარში შხამიანი გველები მოდიან.
ეკლესია კეფალონიის ყველაზე ცნობილი ეკლესიაა, რომელიც აგებულია ძველი მონასტრის ნანგრევებზე. გველები საოცრად მეგობრულები არიან და ადვილად უმკლავდებიან ყველას, ვინც მათთან კონტაქტს არ ერიდება. გველებს თავზე პატარა ჯვარი აქვთ გამოსახული და მათი ენაც ჯვრის ფორმისაა. ხატს, რომელლსაც სტუმრობენ ”გველის ღვთისმშობელს” უწოდებენ. მარიამობას მათ დანახვას არავინ უფრთხის-ადგილობრივი თუ სტუმრად ჩასული მორწმუნეები სიხარულით ელიან ამ დიდი სასწაულის ხილვას, ხელში იყვანენ და ეფერებიან “მომლოცველ” გველებს. ღვთისმშობლის გველები წელს, ჩვეულებისამებრ, კვლავ გამოჩნდნენ კუნძულ კეფალონიის ეკლესიაში.
გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას, სადაც ახლა სამლოცველოა, ადრე ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი ყოფილა. 1705 წელს საბერძნეთის კუნძულ კეფალონიაზე მცხოვრები მართლმადიდებელი მონაზვნების ჯგუფი შეაშფოთა მეკობრეების გამოჩენამ, რომლებიც ემუქრებოდნენ მათ მონასტერს. სოფლის ყველა მამაკაცი ზღვაში სათევზაოდ იყო გასული, მონაზვნებმა, როგორც კი მეკობრეთა გემი დალანდეს, შეშინებულებმა ჩარაზეს მონასტრის ჭიშკარი, თავად კი გულმოდგინედ ევედრებოდნენ დედა ღვთისმშობლის ხატს, დაეცვა ისინი ღირსების აყრიდან. საბოლოოდ, ხის ალაყაფმა მეკობრეთა შემოტევას ვერ გაუძლო, მაგრამ, როდესაც ისინი მონასტერში შეცვივდნენ, იქ, მონაზონთა ნაცვლად, შავი გველები დახვდათ. მოძალადეები თავზარდაცემულნი გაერიდნენ იქაურობას.
როგორც მარკო პოლოს მცხოვრებნი ამტკიცებენ, მათ სამლოცველოში სწორედ ის ხატია დაცული, რომელსაც ასე გულმოდგინედ ევედრებოდნენ მონაზვნები მეკობრეთაგან ხსნას და ეს ხატი პანაგია ფეტუსა (Παναγία Φετούσα) გახლავთ.
