მესტიაში, სოფელ ნაკრასში, ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი მოზარდებიდან ორის ცხედარი უკვე ნაპოვნია. ადგილობრივებმა და მაშველებმა 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი ნაკრასში პატარა ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ის უკვე სახლშია გადასვენებული.
შეგახსენებთ, 2 დღის წინ, მოზარდების ბიძამ ავტომობილში მჯდომი მე-12 კლასელის ეკა ვიბლიანის ცხედარი იპოვა.
ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება საბა გვარმიანის, ასევე მე-12 კლასელის, საპოვნელად.
სამივე არასრულწლოვანი, 2 მაისს, ავტომობილით, სოფელ ჭუბერიდან სახლში სოფელ ნაკრასში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილი, უამინდობის გამო, მოცურდა და მდინარე ნაკრასში გადავარდა.
ძებნა-შველის ოპერაცია უკვე მე-6 დღეა მიმდინარეობს.