თბილისში, ავლაბარში, მარტყოფის ქუჩაზე მდებარე 98-ე საჯარო სკოლაში სამართალდამცველები მუშაობდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ კინოლოგებიც. რას უკავშირდებოდა სკოლის შენობაში საგამოძიებო სამართალდამცველებმა 98-ე სკოლაში მუშაობა უკვე დაასრულეს.
სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთი სკოლის ტერიტორიაზე იარაღი ან ბომბი იქნა აღმოჩენილი, სიმართლეს არ შეესაბამება.
საქმე ეხება ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისის სკოლებზე ტერორისტული თავდასხმა იგეგმება. შესაბამისი მიმართვა რუსული ტელეგრამ არხზე Ужаc Тбилиси ჯგუფში გავრცელდა. იქვე იყო კონკრეტული საჯარო სკოლების ჩამონათვალიც: N37, 64, 72, 76, 96, 98, 105, 116, 132, 142, 144, 146.
“ამ სკოლებში დავხოცავთ ბავშვებს. ჩვენ ვარ 20 ადამიანი და არ გვეშინია, პოლიცია ვერ შეგვაჩერებს” – წერია მიმართვის ტექსტში.
ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებენ.
სუს-ში აცხადებენ, რომ ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე სკოლაში მიმდინარეობს. სკოლების ნაწილში მუშაობა უკვე დასრულდა, ნაწილში კი გრძელდება.
სუს-ის ინფორმაციით, იარაღი ან ასაფეთქებელი მოწყობილობა ამ დროისთვის არც ერთ სკოლაში არ არის აღმოჩენილი.
ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები ტელეგრამარხებით გავრცელებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებს უკავშირდება.
გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს თბილისის N146 საჯარო სკოლაც:
,,მშობლების, მასწავლებლების და მოსწავლეების საყურადღებოდ,
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ უსაფრთხოების მიზნით სკოლის მიმდებარე ტერიტორია და შენობა დეტალურად შემოწმდა შესაბამისი უწყების მიერ და ორშაბათიდან სკოლა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სასწავლო პროცესს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სხვათა შორის, ტელეგრამ არხი, რომელიც სკოლებში “ტერორისტულ აქტებს” აანონსებდა, წაიშალა. ამ დროის მონაცემით, არხი არ იძებნება.