ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი ფერიდე შაინიძე ქმრის მიერ მოკლულ ქალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მისი განცხადებით, “თავში ავარდნილ ქალებს ემართებათ ასე… სიკვდილამდე მიდის მათი საქმე”.
“მეტრონომი” დაუკავშირდა სკოლის დირექტორს, ფერიდე შაინიძეს, რომელმაც დაადასტურა, რომ კომენტარი, რომელიც ქმრის მიერ მოკლული ქალის ფოტოზე დაწერა, მას ეკუთვნის და საუბარში განმარტა, რომ ის არამარტო მოკლულ ქალბატონს, არამედ ყველა “თავშიავარდნილ ქალს” ეხება.
მოგვიანებით შაინიძემ კომენტარი წაშალა და ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის გვერდმა გამოაქვეყნა ოფიციალური ცრუ ინფორმაცია, თითქოს დირექტორს სოციალური ქსელი გაუტეხეს და აღნიშნული კომენტარი მას არ დაუწერია.