ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდგომი გართულებით 31 წლის ქალი გარდაიცვალა. კლინიკა “ბაუ”-ს ინფორმაციით, ქალი მათ სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
“31 წლის ქალი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, კლინიკა BMS-დან ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში “ბაუ”-ში შემოიყვანეს. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, ჩვენმა ექიმებმა მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა ქალი იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა. კლინიკაში შემოყვანიდან მალევე გარდაიცვალა”,- აცხადებენ “ბაუ”-ში.
დაღუპული ქალი მარეხი მაკარაძეა. მას ორი შვილი დარჩა, მათ შორის ერთი ახალშობილი.”მარეხი მაკარაძე რით ვანუგეშო ჩემი ძმა რძალო წაგიყვანე და ვეღარ ამოგიყვანე არ გამომატანეს შენი თავი. როგორ გაიხარებენ ჩემი ძმის და ჩემი ძმიშვილების ცოდვით არვიცი… რა მიმძიმს უშენობა, თავი სიზმარში მგონია… მე როგორ ვარ და ჩემი ძმა რით ვანუგეშო…
ღმერთო,რა დიდი ტკივილია… ღმერთო, გააძლიერე ყველა, გასკდა გული…რა საშინელებაა, უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი, ოჯახს მხნეობა მისცეს…აუცილებლად ყველამ პასუხიი უნდა აგოს, ვინც შენ სიცოცხლე წაგართვა და ჩამოგაშორა შენს ანგელოზებს…” – წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ქალის ახლობლები.ბათუმში საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილ ქალთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს. ორსული კლინიკა BMS-ში იყო მოთავსებული, სადაც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. რაც შეეხება ახალშობილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკა BMS-ში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.