„ქალს, მშვენიერ ქალს“ – სიმღერა, რომელსაც დღემდე ღიღინებენ და უსმენენ, თუმცა, თავად შემსრულებელი სცენაზე და ეკრანზე აქტიურად აღარ ჩანს – 90-იანების ვარსკვლავმა ქეთი მერკვილაძემ კარიერას ოჯახი არჩია და 19 მარტს 15 წელი გახდა, რაც ფეხბურთელ თემურ (გიგა) გადელიას მეუღლეა.
როგორც თავად ამბობს, გადატვირთული რეჟიმი მასაც მობეზრდა და სახლში, შვილთან ყოფნა არჩია.
„ჩემი დრო და საქმიანობა ჩემს თინეიჯერ შვილს და ოჯახს უკავშირდება. რაც გაჩნდა, ჩემი ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა – მთლიანად მასზე გადავერთე. დროულიც იყო, იმდენად დატვირთული ვიყავი მანამდე, სულ კონცერტები და გასტროლები მქონდა. ის პერიოდი არ მენატრება, რადგან ძალიან დიდ ენერგიას და შრომას მოითხოვდა.
სახლში დროულად მისვლაც მენატრებოდა… მამა ჩემი პროდიუსერი იყო, სულ ვმოძრაობდით, სულ იყო ჩაწერა, ინტერვიუები, ახალი სიმღერები, კომპოზიტორებთან შეხვედრა…
როდესაც ოჯახი შევქმენი, პრიორიტეტები გადავანაწილე. მე და ჩემი მეუღლე დაქორწინებამდე 2 წელ-ნახევარი ვხვდებოდით, შევთანხმდით, ვისაუბრეთ, გავიარეთ… გადავწყვიტეთ, რომ პრიორიტეტი იქნებოდა ოჯახი და არა კარიერა“, – ამბობს მომღერალი.