თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა, რომელიც ადგილზევე დაიღუპა. შემთხვევა თემქაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მე-10 სართულიდან გადმოვარდა. მომხდარი ტრაგედიის დროს ადგილზე კომპანიაში დასაქმებული სხვა მუშებიც იმყოფებოდნენ, ისინი ამ დროისთვის დაკითხვაზე არიან გადაყვანილი.
- AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი 26 წლის ვახო ქართლელიშვილია. ახალგაზრდა კახეთიდან იყო და თბილისში სამუშაოდ იყო ჩამოსული.
ტრაგედიის ადგილზე მივიდნენ გარდაცვლილის ახლობლებიც, რომლებიც უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობენ.
“დაგვირეკეს, რომ მშენებლობიდან გადმოვარდაო. დაცული არ არის უსაფრთხოების ნორმები, ეს არის ფაქტი, რასაც ვხედავთ. სხვა არაფერი ვიცით, არაფერს გვეუბნებიან” – ამბობს გარდაცვლილის ახლობელი “მთავარ არხთან” საუბრისას.
როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.