ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ქართველი შემტევი „პარტენოპეის“ ქომაგებმა გამოარჩიეს და ნეაპოლელმა გულშემატკივრებმა თავიანთი პოზიცია „ნაპოლის“ ოფიციალურ აპლიკაციაში დააფიქსირეს.
„ნაპოლის“ ფანებმა ხვიჩა კვარაცხელია თებერვლის MVP-დ აირჩიეს და კლუბის ოფიციალური აპლიკაციის მეშვეობით, თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ქართველ შემტევს მიანიჭეს. თებერვალში, კვარამ სცენის ცენტრალური ნაწილი გოლებით, ასისტებითა და საოცარი მოქმედებებით დაიკავა. მან თავისი გარღვევებით პუბლიკა მოაჯადოვა“, – წერს „პარტენოპეის“ ოფიციალური ვებგვერდი.
ცნობისთვის, თებერვალში, კვარაცხელიამ 3 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. „ვერონასთან“ მატჩში, ხვიჩამ გუნდს 87-ე წუთზე შეგდებული შედევრით მოაგებინა, „სასუოლოს“ კი დუბლი შეუსრულა და ვიქტორ ოსიმენს გაატანინა.