“ღამის შოუს” ბენდის წევრი მომღერალი თათა გიორგობიანი პროფესიით ფსიქოლოგია. მას სოციალურ ქსელში უამრავი გამომწერი ჰყავს, სადაც ყოველდღურად უამრავ ფსიქოლოგიურ რჩევას უზიარებს. პოპულარული მომღერალი ბავშვობიდან მღერის, მაგრამ მიაჩნდა, რომ ეს მისი ჰობი იყო. სამომავლოდ პროფესია ბიზნესის მიმართულებით აირჩია, რასაც დრო და ენერგიაც დაუთმო, თუმცა ჰობმა თავი ისევ შეახსენა და ახლა უკვე ის მისი ერთ-ერთი და ამ ეტაპზე, მთავარი პროფესიაც არის…
თათა არასოდეს საუბრობს პირად ცხოვრებაზე, თუმცა ახლა ცნობილი გახდა, რომ მას შეყვარებული ჰყავს. ამის შესახებ ცნობილი გიორგი გაბუნიას გადაცემა “ღამის შოუდან” გახდა.
“ძალიან გაგახარებთ ის, რაც ახლა გადაცემაში მოხდება” – გადაცემის წამყვანის ამ სიტყვების შემდეგ სტუდიაში კონსტანტინე მოსიძე შემოდის და მომღერალს ხელს სთხოვს.
კონსტანტინე მოსიძე ეკონომისტი და ბლოგერია. ის ვიდეოებს ხშირად დებს და აქტუალურ ეკონომიკურ საკითხებზე საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
წყვილს სოციალურ ქსელში საერთო ფოტოები არ უდევთ, თუმცა როგორც ირკვევა ერთად ხშირად ისვენებდნენ. ბოლოს ისინი ერთად იტალიაში იყვნენ.
“ჩვენზე ემოციური და არანაკლებ უწესრიგო ხალხია: მე და ჩემი შეყვარებული წითელზე ვდგავართ, ფეხით გადასვლა გვინდა გზის მეორე მხარეს და ორივე ვცდილობთ უფრო კანონმორჩილი ვიყოთ, ვიდრე საქართველოში ვიქნებოდით და ჩვენი იტალიელი მეგობარი გვეუბნება, რას დამდგახართ მანდ, წამოდით კაცო, ეს ხო იტალიააო” – წერდა რომიდან კონსტანტინე მოსიძე.
2 წლის წინ AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში თათ გიორგობიანი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ასე პასუხობდა:
– ჩემს ცხოვრებაში იყო ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარდა. ერთად კარგად ვიყავით. მერე ვხედავდი, რომ რაღაც პრობლემები ცალმხრივად გვარდებოდა… ზოგადად სიყვარული ორმხრივი უნდა იყოს, სიყვარულით ადამიანი უნდა გაიზარდოს. როდესაც წყვილი ერთმანეთს მხარს ვერ უბამს, ერთი ჩამოეკიდება და უკან ქაჩავს, უკვე ცუდია… საერთო ტემპი ვერ ვიპოვეთ და დავიშალეთ. ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ. ცუდ ურთიერთობას ჯობია, მარტო იყო. არ არის რთული, როცა ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ შენი შინაგანი მდგომარეობიდან არ იღებ და გააზრებული გაქვს.
– სცენაზე დგახარ, ბევრი თაყვანისმცემელი, გულშემატკივარი გყავს… როგორია შენი ემოციები და რეაქციები ამ დროს?
– ყურადღება ზრდილობის ფარგლებში, კულტურულ ნორმებში, ალბათ ყველა გოგოს სიამოვნებს. პირიქით, ვწუხდები ხოლმე, როდესაც ჩემ მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენენ და საჩუქრებს მიგზავნიან. ვცდილობ, უკან დავუბრუნო, რადგანაც თავს ვალდებულად ვგრძნობ და ვეუბნები, – ჩათვალე, რომ მაჩუქე… ზოგი საჩუქარს იბრუნებს, ზოგი – არა… ისე საჩუქრის გაცემა უფრო მიყვარს, ვიდრე მიღება.