თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან საზანოში მცხოვრები მამა, მისი ქალიშვილი და გოგონას მეგობრები, რომლებიც სოფელში სტუმრად ჭიათურიდან იყვნენ ჩასულები.
- Ambebi.ge-თვის ცნობილია იმ გოგონების ვინაობა, რომლებიც ჭიათურიდან სტუმრად იყვნენ. ელენე შუკაკიძისა და ნინო კენჭოშვილის შესახებ მათი მეგობრები და ახლობლები წერენ.
“როგორ დავიჯერო ჩემო დახატულო რომ აღარ ხარ”, – წერს ნინო კენჭოშვილის ახლობელი.
“შენც კარგად იცოდი რომ ასეთი პოსტები არ მიყვარდა, მაგრამ თურმე რამხელა ტკივილი ყოფილხარ, ჩემო ციმციმა ვარსკვლავო. რამდენი მოგონება დამიტოვე მომენატრება ჩვენი ქუჩაში ბოლო ხმაზე სიცილი მთელი ქალაქის ყურადღებას რომ ვიქცევდით. ვისთან ერთად ვიჩხუბო და გადავეყარო შარს, ვის მოვუყვე ის ამბები და მერე ვისთან ერთად ვიღადაო მარტო მოგონებები დამიტოვე, მაგრამ რად მინდა, შენ თუ არ მყავხარ გვერდით.
ამდენი სიხარულის შემდეგ ამხელა ტკივილი მომაყენე და კარგად იცი, რომ ამას ვერ შევეგუები. ყველაზე მეტად შენ მჭირდები ჩემო ანგელოზო ხშირად დაგელაპარაკები მაგრამ პასუხებს ვერ მოვისმენ, შენ ხმას ვერ გავიგონებ აღარავინ მეტყვის, თათი შენ გარდა არავისთვის არ მითქვამს, პირველი შენ გამახსენდი. ჩვენი განსაკუთრებული დუო აღარ იქნება, რომელიც მთელ ქალაქს გადაატრიალებდა ერთ დროს”, – წერს სოციალურ ქსელში ელენე შუკაკიძის მეგობარი.
“მდინარე ძუსას ე.წ. ჩანჩქერი ტურისტული ადგილია ჩვენს სოფელში. იქ მამა, ქალიშვილთან და მის მეგობრებთან ერთად იყო მდინარეზე. როგორც ვიცი, ფოტოებს იღებდნენ და ერთ-ერთ გოგონას ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა. ამის შემდეგ ეს კაციც გადამხტარა მის საშველად, შემდეგ კი დანარჩენი ნაპირზე მყოფებიც მიჰყოლიან მას. მაშველებმა მხოლოდ ერთის გადარჩენა შეძლეს. მცოცავი რელიეფია და ალბათ ფეხი ამიტომ დაუცურდათ” – ამბობენ ადგილობრივები.
AMBEBI.GE თერჯოლის მერს მანუჩარ რობაქიძეს დაუკავშირდა:
“ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში დღეს 4 ადამიანი დაიხრჩო. ამ ეტაპზე ოთხივეს ცხედარი ნაპოვნია. ახლა შემთხვევის ადგილზე ვარ. რა მოხდა, როგორ მოხდა, ზუსტად არ ვიცი. დაღუპულთა შორის არიან გოგონა და მამა და ამ გოგონას 2 თანაკლასელი. რა ინფორმაციაც მაქვს, ის ბავშვები ჭიათურის პირველი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან. ამბობენ, რომ ისინი მდინარეზე სურათებს იღებდნენ, მეტი არაფერი ვიცი” – ამბობს რობაქიძე.