2012 წელს პროექტ “ნიჭიერში“ 16 წლის ვანო ფიფიამ თავისი ნამღერით დარბაზი ფეხზე დააყენა. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, მაგრამ მის შესახებ დიდი ხანია არაფერი გაგვიგია.
აღმოჩნდა, რომ კარდენახელი ბიჭი, რომელიც მაშინ გაიცნო საზოგადოებამ, წლებია, დედასთან და დასთან ერთად ზემო ეწერში ცხოვრობს. ძალიან უნდა მუშაობის დაწყება და ფიქრობს, რომ ამისთვის თბილისში ჩამოვიდეს, რადგან სადაც ახლა ცხოვრობს, “იქ სამსახურები არ არის”.
- როგორ ცხოვრობს “პატარა ვანო” დღეს და როგორ წარმოუდგენია თავისი მომავალი AMBEBI.GE-ს უყვება
– ვანო, თქვენზე მოგვიყევით, სად ცხოვრობ ახლა, რას საქმიანობ?
– მე, დედა და ჩემი და ზედა ეწერში ვცხოვრობთ, არ ვმუშაობ. აქ ადგილობრივი ორგანიზაციაა “დახმარებისა და ინტეგრირების ლიგა,“ მუსიკალური ანსამბლი აქვთ, სადაც ვმღერი, ძირითადად საქველმოქმედო კონცერტებზე გამოვდივართ, გზის ფულს გვიფინანსებენ. ჩემი უფროსი ძმა დაოჯახებულია, თბილისში ცხოვრობს.
– მუშაობის დაწყება არ გიცდია?
– აქ არაფერია, რომ ვიმუშაო. თბილისში მინდა ჩამოვიდე. პროფესიით პროგრამისტი ვარ. არაერთხელ მქონია მუშაობის დაწყების მცდელობა, ზოგმა მითხრა, კადრები არ გვჭირდება, ზოგმაც დაგირეკავთო… მაგრამ თავიდან გიცილებენ. ამ წლების განმავლობაში ერთხელ ვმუშაობდი, სვანეთში, ჰესზე, მაგრამ შემდეგ გაჩერდა და მეც ისე დავრჩი.
– მხოლოდ საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობ, რესტორანში თუ გიცდია მუშაობის დაწყება?
– არ მიცდია, მაგრამ რომ შემომთავაზონ, დავთანხმდები, გააჩნია სად იქნება.
– თბილისში როგორ იცხოვრებ, ბინის ქირას როგორ გადაიხდი?
– გავიჭირვებ, სხვა გზა არ არის, უნდა მოვერგო ცხოვრებას. ჩემი პენსიით ვირჩენთ თავს, დედა მუშაობს ხოლმე თხილის კრეფის დროს, მეც ვეხმარები. ფიზიკური შრომა შემიძლია, მას შემდეგ, რაც ოპერაცია გავიკეთე, ბევრი წელი გავიდა და ცოტა მეტყობა, მაგრამ სიარული, ყველაფერი შემიძლია. იმაზე უკეთ ვარ, ვიდრე ვიყავი.
გული არაფერზე მწყდება, დღესაც მცნობენ. ხანდახან ტიკ-ტოკზე შევდივარ, ვერთობი, ვსაუბრობ ადამიანებთან.
ერთოთახიანი ბინა, რომელიც პროექტში გამარჯვების შემდეგ ბათუმში მაჩუქეს, გავყიდე. ბოლო ოპერაციის დროს ფული დამჭირდა და სხვა გზა არ მქონდა.
– მახსოვს, კახეთში ცხოვრობდით…
– მამინაცვალმა ის ბინა გაყიდა, თურქეთში წავიდა და აღარ ჩამოსულა, იქ ჩარჩა.
– ვანო, შენს პროფესიაზე უფრო მეტი რომ მოგვიყვე, იქნებ გამოჩნდეს ადამიანი ვინც დაგასაქმებს.
– მიხეილ სააკაშვილის დროს თუ გახსოვთ, წითელი ჯვარი აფინანსებდა კომპიუტერულ სწავლებას და დიპლომს აძლევდნენ ჩვეულებრივ. არ ვაწუხებ არავის, რომ დამასაქმონ.
– ცოტა ხნის წინ კარგი მაგალითი იყო თედო ბექაურის ამბავი, როდესაც ბინა და სამსახური მიიღო.
– მე და თედო ერთად ვსწავლობდით სასულიერო გიმნაზიაში, კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, მივწერე კიდეც, მაგრამ ალბათ არ ეცალა. ძალიან გამიხარდა მისი წარმატება, ვიცოდი, რომ მოიგებდა. ძალიან დაუფასებელი იყო, სანამ “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მოხვდებოდა.
– საკუთარი სახლი შენც არ გაქვს?
– კი, ვიყიდე პატარა, ჩემთვის სამყოფი სახლი, სადაც დედასთან და დასთან ერთად ვცხოვრობ. თბილისში თუ ჩამოვალ, მინდა, რომ ორივე სფეროს გავყვე, მუსიკასაც და ჩემს პროფესიასაც, ორივეში შრომა ჩავდე.
– რა გახსოვს ყველაზე მეტად იმ წლებიდან, როდესაც ფილარმონიის სცენაზე გამოხვედი და მთელმა საქართველომ გაგიცნო.
– ხალხის სიყვარული. მახსოვს, როდესაც ეთერში გავიდა ჩემი ნომერი, მეორე დღეს დედასთან ერთად ბაზარში წავედი და რომ მახსენდებოდა, რა ხდებოდა. მენატრება ხოლმე ის წლები, კარგი იყო. დღესაც ხალხურ სიმღერებს ვმღერი, როგორც მაშინ, სხვა ჟანრს არ ვეკარები.
– დედა როგორ არის ახლა, მაშინ სულ დაგყვებოდა თან
– ახლაც ასეა, მაგრამ ცოტა მოუკლო ჩემთან ერთად სიარულს, მაშინ ფიზიკურად მჭირდებოდა გვერდით დგომა.
– როდესაც ინტერვიუზე დაგიკავშირდი, არ დაიჯერე, რომ ჟურნალისტი ვიყავი..
– ტიკ-ტოკზე ვიდეო გამოაქვეყნეს, იმ წლების “ნიჭიერში“ რომ გამოვედი. ასეთი სცენა იყო, სოფო ნიჟარაძე მეკითხება, რა გქვია, – ვანო, რას იმღერებ, – “შენმა სურვილმა დამლია”. ეს ვიდეო გადააკეთეს და ისეა, რომ გამარჯობაზე, სიმღერაზე, დამშვიდობებაზე, ყველაფერზე ვანოს ვიძახი და მწერენ ხოლმე, მართლა ყველაფერზე ვანოს იძახიო. მეგონა, რომ თქვენც ამ თემაზე დამიკავშირდით.
ინტერვიუს დასასრულს ყველას მადლობას გადაგიხდით, ვისაც გახსოვართ და მადლობას ვუხდი “რუსთავი 2“-ს, ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, მე ისევ ის ვანო ვიქნებოდი, ვისაც არავინ არ იცნობდა.