გიო ხუციშვილი 62 წლის გახდებოდა. აჭრელდა სოციალური ქსელი მასთან ერთად გადაღებული ფოტოებით. განსაკუთრებული ენერგეტიკის გიოს დავიწყება შეუძლებელია. ყველას თავისი გიო ჰყავს, თავისი უყვარს და ულოცავს იმიერში…
“როგორ მიყვარხარ, როგორ მენატრები, როგორ მჭირდები, გიო” – წერს მაია ჯორჯაძე ფეისბუქზე.
“გიოს დაბადების დღეს გაუმარჯოს” – წერს ზუკა.
მამის ხასიათის შტრიხები, მანერები, ნაკვთები სამივე შვილშია გაბნეული.
ნოდარიკო ხუციშვილი: ვინც დედას იცნობს, ამბობს, რომ მას ვგავარ. ხალხმა გიო იცის და მას მამსგავსებენ. ხასიათით, ჟესტებით, ქმედებით ვგავარ. ყველაზე მეტად მაინც – აქტიურობით. არც მე შემიძლია ერთ ადგილას გაჩერება. ემოციურობით ვგავარ. ბავშვივით უხაროდა რაღაცები. მეც როცა იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს, ემოციურ ტალღაზე ვდგები…
ელენე ხუციშვილი: – მე და გიოს დიდი მეგობრობა გვქონდა. ეს იყო ჯადოსნური ურთიერთობა.
მითხრა, დაიმახსოვრე, რომ ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება შენ ხარ და მეც ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი ხარო. მხოლოდ ეს მითხრა და ლაპარაკი ვეღარ შეძლო. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, რაც მე მითხრა.
ნატო გელაშვილი: – გიოსთან ერთად სიმღერა და ღადაობა მენატრება, სულ ვმაიმუნობდით.
დამირეკავდა და ვმაიმუნობდით.მისი სიმღერების გაცოცხლებით, გიო სულ ცოცხალია. ამიტომ ბოლომდე ვერ ვგრძნობთ, რომ გარდაცვლილია.
ერთხელ დამესიზმრა, თავის სტილში, ავანგარდულ მდგომარეობაში. სადღაც მიდიოდა. თვალში მომხვდა თითზე ბეჭედი. გიო, რა ბეჭედი გიკეთია-მეთქი, ვკითხე. ეს ჩვეულებრივი ბეჭედი არ გეგონოს, ამის მოხსნა არ შეიძლებაო. გავიღვიძე, ვიფიქრე, რამე ისეთი დღე ხომ არ მოდის-მეთქი. მე ტყუილად ამგვარ სიზმრებს არ ვნახულობ. და დავურეკე მაიას, რა ბეჭედი ჰქონდა გიოს, ისე მითხრა-მეთქი. მაია გაგიჟდა! ტირილი აუვარდა. ეს იყო მათი ქორწინების დღე…
როდესაც გიო ავად იყო და გახდა, თითიდან მოძვრომია ქორწინების ბეჭედი და დაუკარგავს. მაიკო მომიყვა, წავიდა და ორი ბეჭედი შეუკვეთა, მეც მომიტანა და არასდროს მოიხსნაო, დამიბარაო…
დაბადების დღეს გილოცავ, ხუცო, იქ, ცათა სასუფეველში… ისევ ძალიან ახლოს ხარ აქ ჩემს გულში.
ბევრი ულამაზესი მოგონება დამიტოვე, მეგობარო. მადლობა, რომ იყავი, ხარ, და იქნები.გიო სიზმრად მიდის მის მაიკოსთანაც…
მაია ჯორჯაძე: გიოს გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, მე და გიოს დას, ერთ ღამეს დაგვესიზმრა – აქ ვარ, თქვენთან და რა ამბავი ატეხეთო. უცხოები მწერენ, მეუბნებიან, რომ ესიზმრებათ. ყველა ნაბიჯზე ვგრძნობ, რომ აქ არის. იცით, კიდევ როგორი დამთხვევებია – ვიღაც დამირეკავს და მეტყვის, დამესიზმრა და მაგალითად, ქათამი და ბაჟე ითხოვაო ან ნამცხვარი ითხოვაო და მართლაც იმ დღეს, ის საჭმელი მაქვს სახლში. ვხვდები, რომ მართლა ჩვენთან ერთადაა.
ზუკა: ვცდილობთ, 23 თებერვალი იყოს ძველებურად პოზიტიური და აქტიური, როგორიც მისი აქ ყოფნის დროს იყო.
ამ დღეს ვშლით გიოსთვის საყვარელ სუფრას და ვმასპინძლობთ მის სამეგობროს.
სურდა, რომ მის გარეშე დაღვრემილი არ ვყოფილიყავით. არ გვაქვს უფლება იმედი გავუცრუოთ. პირიქით, მეტი სიყვარულით ვართ მის მეგობრებთან ერთად. ვცდილობ, ცრემლი და მწუხარება არ დავანახო იქ, საიდანაც გვიყუებს. მას სილაღე და სიმღერა უყვარდა, ცხოვრება და ქვეყანა უყვარდა… სიმღერა რომ არ გინდოდეს, მისი ხსოვნა მაინც აგვამღერებს. მესიზმრება… მიჭირს უმისობა, დიდი სიცარიელე დატოვა. მაგრამ ყოველთვის ვცდილობ გავიხსენო ლაღი და სიცოცხლით სავსე, როგორიც იყო და როგორიც ყველას დაამახსოვრდა.