ასტრონომებმა კოსმოსში ყველაზე კაშკაშა ობიექტი დააფიქსირეს, რომელიც კი ოდესმე უნახავთ. ეს ობიექტი J0529-4351-ის სახელით ცნობილი კვაზარია (იგივე კვაზივარსკვლავი) და იმ გალაქტიკის კაშკაშა ბირთვს წარმოადგენს, რომელიც მასით ჩვენს მზეს 17 მილიარდჯერ აღემატება.
როგორც მეცნიერები ჟურნალ Nature Astronomy-ში იუწყებიან, ამ შავ ხვრელს დაუკმაყოფილებელი “მადა” აქვს და ყოველდღიურად ერთი მზის ექვივალენტ მასას შთანთქავს.
მეცნიერებმა J0529-4351 მრავალი წლის წინ აღმოაჩინეს, მაგრამ მისი ნამდვილი დიდება მხოლოდ ახლახანს იქნა აღიარებული: “ეს ობიექტი მრავალი წლის განმავლობაში თვალებში გვიყურებდა და სავარაუდოდ, იმაზე მეტი დროა კაშკაშებს, ვიდრე კაცობრიობა არსებობს. მაგრამ ახლა გადავაფაასეთ ის და ვაღიარეთ არა როგორც უკანა ფონზე არსებულ ვარსკვლავთაგანი, არამედ როგორც ძალიან შორეული და ნათელი ობიექტი”,- განუცხადა BBC News-ს კრისტიან ვულფმა ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტიდან.
ტერმინ კვაზარს ასტრონომები აქტიური გალაქტიკური ბირთვის აღსაწერად იყენებენ. ეს არის გალაქტიკის ენერგეტიკული ბირთვი, რომელიც უზარმაზარი შავი ხვრელის საშუალებით გარშემო არსებულ მატერიას თავისკენ იზიდავს და მისით იკვებება. რადგანაც ეს მატერია ხვრელის ირგვლივ აჩქარებულად მოძრაობს, ის იშლება და კაშკაშა შუქს ასხივებს. მეცნიერების თქმით, კვაზარის მიერ გამოსხივებული ენერგია მას მზესთან შედარებით 500 ტრილიონჯერ უფრო კაშკაშას ხდის.
7