ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიურო ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, სასწრაფოდ ჩაატარონ იმუნიზაციის კამპანიები, რადგან 2023 წლის პირველ ათ თვეში ევროპის კონტინენტზე წითელას 30-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე გასულ წელს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვირუსული ინფექციის შეჩერებისთვის აუცილებელია ვაქცინაციის მაჩვენებლების გაზრდა.
რაც შეეხება საქართველოს, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, წითელას შემთხვევებმა, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაშიც მოიმატოს. ამის მიზეზი კი არასაკმარისი ვაქცინაციაა.
მისივე თქმით, აუცრელია ათასობით ბავშვი. ქვეყანაში, მხოლოდ იანვარში წითელას 16 შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად. თუმცა, აქვე დასძენს, რომ ეს ციფრი მაღალი არ არის.
“ევროპის 40 ქვეყანაში 56-დან, ჯანმოს კლასიფიკაციით, დაფიქსირებულია შემთხვევების მკვეთრი მატება. საბედნიეროდ, საქართველო, ჯერჯერობით, ამ კატეგორიას არ განეკუთვნება. 2023 წელს, მთელი წლის განმავლობაში, გვქონდა სულ 26 შემთხვევა. 2024 წლის ინვარში, გვაქვს 16 შემთხვევა. ქვეყანაში 10 000-ობით ბავშვი არის აუცრელი, რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევ შემთხვევების მატებას.
ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით მაშინ, როდესაც გვქონდა პირველი შედეგები, როგორი გავლენა მოახდინა კორონა ვირუსის პანდემიამ ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებელზე. მთელს მსოფლიოში ანალოგიური მდგომარეობა იყო, თუმცა საქართველოში ეს ციფრები მიუთითებდნენ იმაზე, რომ თუ მაქსიმალურად არ მოვახერხებდით მოსახლეობის ინფორმირებას რომ ეს ჩამორჩენა არის სერიოზული ეპიდაფეთქების შესაძლო წყარო ციფრები მომავალში იქნება გასათვალისწინებელი”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისივე თქმით, წითელას ვაქცინას არ აქვს ვადები. ამიტომ მშობლებმა აუცილებლად უნდა მიიყვანონ ბავშვები ასაცრელად. ვაქცინა კეთდება ორჯერ ერთი და ხუთი წლის ასაკში. ახლა არის კარგი დრო იმისთვის, რომ იმუნური სისტემა ძლიერი ჰქონდეთ ბავშვებს.