დღეს მზის ჩასვლამდე უნდა დაეკრძალათ. ასეთია წესი. აქედან ისრაელში ჩასვლა ვერ მოხერხდა, იმის გამო, რომ ფრენა არ არის და ვერც მოესწრებოდა, მაგრამ შემდგომ პერიოდში, როგორც კი საშუალება მოგეცემა, აუცილებლად ჩავალთ” – გვითხრა სანდრო სეფაშვილმა, მერაბ სეფაშვილის ვაჟმა, რომელმაც მომღერალ კაკული გურიელაშვილის სახით, მათი დიდი და საერთო ოჯახის ღირსეული წევრი დაკარგა.
ქართველების საყვარელი მომღერალი გუშინ, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბატონი კაკული სიმსივნეს დიდხანს ებრძოდა, ბოლო თვეში კი ძალიან დამძიმდა.
– მამაჩემი და კაკული ძმებივით იყვნენ – დღემდე ოჯახის წევრებივით ვართ. ჩვენი ოჯახები ცალ-ცალკე არ განიხილება – ერთი მთლიანია… კაკული ადამიანებზე, მეგობრებზე და ორ ქვეყანაზე შეყვარებული კაცი იყო… მამაჩემი ძალიან მძიმედ არის, ძალიან განიცდის, მგლოვიარე მდგომარეობაშია და არა მარტო მერაბი, მთელი ჩემი ოჯახი ასე ვართ. ძალიან დამწუხრებულები ვართ… კი ვიცოდით, რომ ეს დღე დადგებოდა, მძიმე სენს ებრძოდა, მაგრამ მაინც ვერ გავიაზრეთ ბოლომდე, რაც მოხდა… ახლაც არ მჯერა, რომ მასზე წარსულ დროში ვლაპარაკობ… დაახლოებით 4 წლის წინ დაუდასტურდა მძიმე სენი. იცოდა ყველაფერი, არც ერთი წამი არ დანებებულა და ბოლომდე ვაჟკაცურად იბრძოდა, სიცოცხლეზე უზომოდ იყო შეყვარებული. ისრაელში ყველაფერს აკეთებდნენ მისი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ თვითონ მდგომარეობა ჰქონდა მძიმე. ეს 4 წელი გააძლებინეს და აცოცხლეს. მას იმედი ჰქონდა, რომ დაძლევდა და მოერეოდა. მკურნალობის პარალელურად სცენაზეც იდგა და მღეროდა. საქმიანობა ერთი წუთი არ გაუჩერებია. გაუსაძლისი ტკივილებისა და იმ ყველაფრის ფონზე, მაინც ახერხებდა სიმღერას, ხალხის გახარებას და მოსიყვარულებას. სხვას არ აგრძნობინებდა, რომ ცუდად იყო. მას სულ პოზიტიურად და კარგ ხასიათზე ნახავდი.
– როგორც გავიგეთ, ცოტა ხნის წინ, მერაბი სანახავად ყოფილა ჩასული…
– კი, დეკემბერში მერაბის სოლო კონცერტი რომ იყო, კაკულიმ ვერ მოახერხა ჩამოსვლა, რადგან მაგ პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა. მამაჩემი, თავისი კონცერტის მერე, პირველივე რეისით წავიდა… დამშვიდობებასავით გამოვიდა, მოინახულა და მოესიყვარულა. უკვე ცუდად იყო, საუბარიც უჭირდა, მაგრამ გონება არ დაუკარგავს. ბოლომდე გონებაზე იყო.
– გახსოვს ის დღე, პირველად რომ გაიცანი კაკული და მისი ოჯახი?
– კაკულის ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და 5 შვილიშვილი – არაჩვეულებრივი ადამიანები, ერთმანეთზე უკეთესები… კარგად მახსოვს ის დღე, როცა პირველად ჩვენთან ოჯახით ჩამოვიდნენ. პირველი შთაბეჭდილებაც მახსოვს, – მეუბნებოდნენ, უცხოეთიდან სტუმარი გვეყოლებაო. 4 წლის ვიყავი და კაკული იმ დროიდან ჩემი ძმაკაცი იყო. ისეთი ადამიანი იყო, ბავშვთან ბავშვი და დიდთან დიდი. ყოველთვის იცოდა, ვისთან როგორ მოქცეულიყო. იცოდა, რით ვესიამოვნებინე, რა უნდა ეთქვა. სულ ჩემხელა იყო, მთელი ცხოვრება რაც თავი მახსოვს და რაც თვალი გავახილე.
– ეს დიდი ადამიანების თვისებაა…
– დიდი ადამიანი იყო და ყოველმხრივ ნიჭიერი. აქ სიმღერას არ ვგულისხმობ. ურთიერთობის და ბევრნაირი ნიჭი ჰქონდა…
– თბილისში ბინა ჰქონდა?
– არა, ძირითადად ჩვენთან რჩებოდნენ, ჩვენც, როცა იქ ჩავდივართ, ყოველთვის მათ ოჯახს ვსტუმრობთ. არც განიხილებოდა ვინმეს სასტუმროში წასვლა. ხომ ვამბობ, ერთი ოჯახი ვართ დღემდე. სანამ ვიქნებით ჩვენი შვილებით და შვილიშვილებით სულ ასე იქნება. კაკულისთან ურთიერთობა, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვყოფილიყავი, სულ ბედნიერება იყო… როგორ მიჭირს წარსულ დროში მასზე ლაპარაკი… მასთან ვისაც 5 წუთი გაუტარებია, არასდროს ავიწყდება. ჩემი მეგობრები, 2 დღეა მირეკავენ, მათზეც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. თუ კი რამე არსებობს, ვიცი, რომ იმქვეყნად არაფერი გაუჭირდება, ისეთი მადლიანი ადამიანი იყო.
– როგორ დარჩება შენს მეხსიერებაში?
– მხიარული, მოსიყვარულე, უერთგულესი და უპატიოსნესი პიროვნება, რომელიც ყველას უყვარდა ასაკის, ეროვნების, სქესისა, რწმენის და გემოვნების მიუხედავად. ასე იქნება ბოლომდე.
– მისი სიმღერებიდან რომელი გახსენდება ახლა?
– როგორც მამაჩემი სიმღერები მიყვარს, ასევ კაკულის სიმღერები. ერთია ჩემთვის. მისი ხმის ტემბრი და შესრულების მანერა სულ ახლობელია და ასე იქნება. მერაბი და კაკული ძმები იყვნენ, უბრალოდ სხვადასხვა გვარის.
შურიანების შემოსევაა ბატონებო და უნდა გაუძლოს უძლირესმა ხვიჩამ❤️ გამძლეობა და წარმატება მოგცეთ უფალმა 🙏
მერაბ სეფაშვილს და მის ძვირფას ოჯახს მინდა მიუსამძიმრო უერთგულესი ოჯახის მეგობრის და ძმის უდროვოდ წასვლა😢😢 აცხონოს უფალმა მისი სპეტაკი სული და თქვენ კიდევ დიდხანს იცოცხლეთ მისი სახელის მოსაგინებლად🙏❤️