თელავში მომხდარი უმძიმესი ავარიის შედეგად დაღუპული შოთიკო ბოჭორიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. მისი მეგობარი, შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„შვილს საფლავის ქვაზე, ქართველმა ემიგრანტმა დედამ საკუთარი თავი დაახატინა. ქეთინო ბოჭორიძე საქართველოში, თელავში დაბრუნდა. 1 წელი გავიდა 26 დეკემბერს, შოთიკო ბოჭორიძის გარდაცვალებიდან.
შენს ფოტოებს და ვიდეოებს რომ ვუყურებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პირი ცხელი ქვიშით ამომივსეს და ხორცზე ნაკვერჩხალს მაყრიან … მიწისთვის მენანები… ვინ იცის, სად ხარ?
დარჩა მშვიდობის ქუჩაზე შენი სიცოცხლე, სადაც ცხოვრობდი, ყველგან შეიძლება თელავში შენი სულის სიდიადის დანახვა, იმ სულის, რომელიც დარდობდა სიკეთისა და რწმენის დაცოტავებაზე, ღმერთის მაუწყებელი წილის დაშრეტაზე ადამიანში.
გიყვარდა ყველა და ყველაფერი, ქრისტიანული ცხოვრებით იცხოვრე ამდენი წელი… გჯეროდა დაცემულის აღდგენის, ბოროტების სიკეთედ გადაქცევისა. ამ რწმენას გამოხატავდი თითოეული სიტყვით, საქმით, ყველაფერს მარადიულობის თვალსაზრისით უყურებდი, არაფერს ანაწევრებდი, პატარა საგანსაც კი არ უშვებდი შენს გარშემო შეუყვარებლად, როცა ყველასა და ყველაფერს გულის ძილით ეძინა თელავში…
შოთი, შენ ხომ „ჩვენი“, ჩემი, ნიკასი და დათოსი სიკეთისფერი ხუჭუჭა ღიმილის ბიჭი იყავი, ძალიან გვიყვარდი…. შენმა სიკვდილმა ძალიან შეგვცვალა თითქოს სულ სხვანაირი გავხდით და შევიცვალეთ… შენი ვიდეოები და ფოტოები, ბათუმში ერთად გატარებული დღეები, ყველაფერს ერთად ვუყურეთ და გაგიხსენეთ…
გვტკივა უზომოდ და უკიდეგანოდ უშენობა, დაგვტოვე მარტო… ღამღამობით კი, შენს საფლავთან დღით მოწყენილი სულები ვთბებით. დათო კი იტალიიდან დაგტირის და სულის შემძვრელად ენატრები….
ახალ და საშინელი შეგრძნება ყოფილა უიმედოდ რომ გენატრება ვინმე… გვენატრები შოთი, არ იმსახურებდი ასეთ სიკვდილს…
და ბოოს, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის ემიგრანტების და იმ ადამიანების თანადგომა, ჩემს მიმართ, ვინც 1 წელი შოთო სიხარულიძეს ამხნევებდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აწუხებდა… პირველად გამიკვირდა და ცოტა ვიამაყე კიდეც იმ განცდით, რომელსაც ადამიანების ყურადღება და სიყვარული ჰქვია ასეთ მძიმე დროს… მონატრების, ტკივილის, არეული მოგონებებისა და რეალობასთან შეგუების 1 წელი გავიდა.
ალბათ, შესაფერისი სიტყვების მოძებნა ძალიან გამიჭირდებოდა იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რაც შენს მარადიულობაში გადანაცვლებას მოჰყვა, თუმცა, დღეს მე ეს შევძელი… მადლობა ამის ძალა რომ მომეცი…
რატომ შენ? … ჩემი ნახევარი გული წაიღე… მენანები იმ ქარისთვის შენს საფლავზე რომ ააშრიალებს დაღლილ ხეებს…“, – წერს შოთო სიხარულიძე.