მინდა მოგიყვეთ “მთავარ არხში“ მიმდინარე მოვლენებზე” – კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია “მთავარ არხში“ მიმდინარე მოვლენებზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.
მინდა მოგიყვეთ ‘მთავარ არხში“ მიმდინარე მოვლენებზე, უფრო სწორედ კი, ჩემს ყოფილ პარტნიორზე და მის ერთ ერთ დამფუძნებელზე – ზაზა ოქუაშვილზე.
ყველაფერი დაიწყო ჩემი პოლიტიკაში წასვლით. დირექტორობიდან უნდა გადავმდგარიყავი, რომ პარტია ოფიციალურად დამერეგისტრირებინა და ახალ დირექტორად კი ის დანიშნულიყო, ვისაც კოლექტივი უჭერდა მხარს: გიორგი გაბუნია – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი, გამორჩეული ინტელექტუალი და კაცი, რომელმაც ჩემი ციხეში ყოფნის დროს შეუცდომლად იარა, როგორც მენეჯერმა (არადა ამის გამოცდილება აქამდე არ ქონია). უცებ და გაურკვევლად (იმ ეტაპისთვის), ოქუაშვილმა უარი განაცხადა ჩემს გადადგომაზე (პარტნიორთა კრების თანხმობა იყო საჭირო) და გიორგის დანიშვნაზე. „ჭიდაობა“ რამდენიმე თვე გაგრძელდა და ბოლოს, მიზნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეთანხმება შედგა: მეც ვნიშნავდი „ჩემს“ დირექტორს (რაც კოლექტივის არჩევანს მივანდე), ოქუაშვილიც და მესამე მსხვილი დამფუძნებელიც. დაინიშნა გიორგი გაბუნია, მანუჩარ ახალაია და ვინმე გოგი. მთავარი ნაღმი კი ის იყო, სამივეს ხელმოწერას ითხოვდნენ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე და ასეც ჩაიწერა წესდებაში.
გოგის ხელფასის გარდა არხი აიძულეს თვეში 15 000 ლარი ეხადა ოქუაშვილის მეუღლე ნატო ჩხეიძესთვის, რომელიც იმ დროს დეპუტატი იყო. შეუთავსებლობის გამო რომ უარი მიიღეს, იჯარის გაზრდა მოითხოვეს ერთ პატარა შენობაზე (აბა დანარჩენი მათი აღარაა და ამაზე მოგვიანებით) და ამ გზით ფაქტიურად ხელფასი დაენიშნა ჩხეიძეს.
გაბუნია და ახალაია წელებზე ფეხებს იდგამდნენ და არხს აფუნქციონირებდნენ უზარმაზარი პრობლემების მიუხედავად. გოგი, ცხადია, არაფერს აკეთებდა – კაბინეტი და ხელფასი, – სულ ეს იყო მისი ინტერესი.
მოახლოვდა არჩევნები. ერთ დღესაც პარტიის ოფისში გამომეცხადა ნატო ჩხეიძე, ტექსტით: “ჩვენ სამი კაცი გვეკუთვნის სიაში – მე მეხუთე ნომერი (ნუ რაკიღა 4 ლიდერი ხართ), ჩემი ძმა, როსტომ ჩხეიძე – მეათე და ვინმე კიდევ ოცეულში”. კი არ გავბრაზდი, ან მეწყინა, ან რამე სხვა – ყბა ჩამომივარდა
გაკვირვებისგან. არა, ის არ გამკვირვებია, რომ სიაში ყოფნა ენდომებოდა, მაგრამ მთლად 3 ადამიანი? და თან ამ ადგილებზე? ისეთივე პასუხი მიიღო, რაც ერთის თხოვნის შემთხვევაში იქნებოდა – გამორიცხულია. ან ვინ ან საიდან გადაწყვიტეთ, რომ რაიმე გეკუთვნით? როგორ, ტვ ხომ ჩვენია და მაგიტომო. ტვ თქვენი არაა, ერთ-ერთი დამფუძნებელი ხართ, და ამას გარდა, ტვ-ს მეწილეები კოალიციასთან კავშირში არ არიან და არაფერი ეკუთვნით საერთოდ, – იყო ჩემი პასუხი.
ამის მერე დაიწყო უარების სერია – გოგი ყველაფერს აპრობლემებდა, სამაგიეროდ ნატო ჩხეიძის „იჯარას“ და მის ხელფასს ერთი დღე მაინც გადაცდენოდა, გოგიც გამოჩნდებოდა ხოლმე. არხზე დაიწყო გოგის „რევიზიები“. მიიღო ყველა დოკუმენტი, რაც მოითხოვა ყველას ახსნა – განმარტება, ვისიც მოითხოვა. ყველა წლის აუდიტის დასკვნა. მიადგა გაყიდვების სახლს, რომელიც დაქირავებული ცალკე ორგანიზაციაა, რომელიც რეკლამას ყიდის (ყველა დიდი ტვ ამგვარად მუშაობს).
ამ, მათი ტვინით, შანტაჟის ფონზე ახლა უკვე ოქუაშვილმა ჩამოწია მოთხოვნა 1 ადგილამდე სიაში – მხოლოდ ნატო. ეს იცით რომელი ნატო ჩხეიძეა? მე რომ ციხეში ვიჯექი და მან და მისმა ამფსონებმა ქოცებს რომ იუსტიციის საბჭოს წევრები აარჩევინეს. ბიძინასთან ერთხელ მაინც გარიგებულს სიაში მე რომ ჩავწერდი, ეს, ხვდებით, რეალურობის მარცვალსაც არ შეიცავს. ცხადია – უარი.
ჰო, მართლა, ხმა რატომ მისცა ივანიშვილის კანდიდატს ნატო ჩხეიძემ და მისმა ამფსონებმა, ეს უკვე პარტიის დაფუძნების მერე აღმოვაჩინე. დოკუმენტურად აღმოვაჩინე. საზოგადოებისთვის ალბათ ცნობილია, რომ საარჩევნო ნომერი 4 – ის გამო ჩვენ გადავიბარეთ ნიკა მაჭუტაძის პარტია, რომლის პარტნიორებიც იყვნენ და-ძმა ჩხეიძეები. ამ პარტიით ისინი ერთად შევიდნენ ნაცმოძრაობის სიაში და იმ სამარცხვინო კენჭისყრის შემდეგ სამივე ერთად გარიცხეს. ჰოდა, ბუღალტერიის გადმობარებისას წავაწყდი მეტად საინტერესო დოკუმენტს: 300 ათასზე მეტი იყო პარტიის საგადასახადო დავალიანება და ხმის მიცემიდან 1 კვირის თავზე, თითქმის 200 ათასამდე ჩამოაწერეს საგადასახადო შეთანხმებით! თქვენ წარმოგიდგენიათ, რომელიმე ოპოპარტიას საგადასახადო შეთანხმებას უფორმებდეს ქოცი?! აი ესაა პოლიტიკური კორუფცია, თან სამშობლოს ინტერესების ხარჯზე! და ამათ ჩავწერდი სიაში? კი, და ახლა უკვე ისხდებოდნენ ივანიშვილის პარლამენტში და ლეგიტიმაციის ელფერს შესძენდნენ. უკვე ბევრად მეტს გამოივაჭრებდნენ, ალბათ და ამჯერად უკვე, ალბათ ოქუაშვილი, რომელიც ახლა უკვე სიგნალებს უგზავნის ივანიშვილს, რომ მზადაა მთავარი არხით ივაჭროს. ჩვენ კი ზუსტად ვიცით და მოვლენათა ლოგიკური განვითარებაც ცხადყოფს, რომ ივანიშვილმა ეს სიგნალი მიიღო და თანხმობითაც უპასუხა.
ამის მერე დაიწყო ის, რაც ივანიშვილმა რ2-ში აკეთა – გვარამიამ, გაბუნიამ და ნაყოფიამ (რომელიც დამფუძნებელი საერთოდ არაა) გააკოტრეს კომპანია. სახეზე ააფარეს ჩემი გადადგომის მათ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც ადასტურებენ, რომ იდეალურად ვუძღვებოდი არხს, არათუ რაიმე სახის პრეტენზია არ აქვთ, დითირამბებით და მადლობებით მაცილებენ. ნაყოფიას ხსენება იმიტომ დასჭირდა, რომ არც ნაცებმა ჩაუწერეს ვინმე სიაში, მათდა სასახელოდ უნდა ითქვას.
მერე გაჩნდა ძალიან ნაცნობი შეკითხვა, რ2 – ის საქმეზე რომ მისვამდა ივანიშვილის პროკურორი: თუ ფული იყო, ხელფასებს კი არა, გადასახადებს რატომ არ იხდიდით, არხი გაკოტრებამდე მიიყვანეთო. არ კი არა, ვერ ვიხდიდით, მაშინ არხი უნდა გაჩერებულიყო და აბა შეხედეთ რ2 და იმედი იხდიან გადასახადებს? რა თქმა უნდა, არა და რესტრუქტურიზებული აქვთ ყოველ ჯერზე. ჩვენ ვადეკლარირებთ გადასახადებს სრულად და გაკოტრება ქოცებს არ მოუთხოვიათ და გოგიმ გადაწყვიტა, რომ გაკოტრების კონდიციაში ვართ. სასაცილოა ისე, ოქუაშვილი რომ გადასახადებზე გელაპარაკება. კაცი, რომელმაც ქონება საგადასახადო უსამართლო პრეფერენციებით დააგროვა, რაც მთელმა საქართველომ იცის.
ბანკში შეიტანა განცხადება, რომ გადარიცხვები არ მოხდეს, რომ მე და ნაყოფია ფულს ვათეთრებთ. შეიტანა ეროვნულ ბანკში და თბს-ში. სხვათა შორის მანამდეც ცდილობდა საქართველოს ბანკთან პრობლემები შეექმნა არხისთვის. საქ-ბანკი ის ბანკია, ვის გაშავებასაც ოქუაშვილი წლებია მოითხოვდა ტვ-სგან დავა ჰქონდათ საკრედიტო. ჩვენ პასუხად ყოველთვის უარს ვეუბნებოდით – ტვ არ იქნება დამფუძნებლის ხელში შურისძიების და შანტაჟის იარაღი, მით უფრო, უმსხვილესი ბანკის წინააღმდეგ, რომელიც შავმა კამპანიამ შეიძლება მძიმედ დააზიანოს და ზედ მიაყოლოს ქვეყნის ეკონომიკა (მოგეხსენებათ, ბანკები ლამის საქართველოს ეკონომიკის ნახევარია).
თბს-ს რაც შეეხება, ასევე ოქუაშვილს პირადი ანგარიშსწორების ამბავი იყო ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან. ისინი არ უნდა გამოჩენილიყვნენ ეთერში. მეტიც, მათზეც და ბანკზეც შავი კამპანია უნდა გვეწარმოებინა, ან ხაზარაძეს და ჯაფარიძეს მისი სასარგებლო ჩვენება უნდა მიეცათ ლონდონის არბიტრაჟში. ამასაც პირადად ჩემგან ითხოვდა და ცხადია, პასუხი იგივე, რაც ზემოთ, მკაფიო უარი.სამართლიანობისთვის ვიტყვი, რომ ოქუაშვილის წვლილი ტვ-ს სწრაფად გახსნაში დიდია. მან ტექნიკა და შენობა იჯარით მოგვცა (არ გეგონოთ, რომ კომპანიაში შემოიტანა). მაგრამ, მოგვიანებით გაირკვა, რომ უძრავი ქონებები დატვირთული ქონია იპოთეკით და დღეს ყავლგასული ამორტიზებული ტექნიკის გარდა, აღარაფერია მისი ყოფილი ქონებიდან არხის სარგებლობაში. ჯერ პავილიონები წაიღო ბანკმა (გახსოვთ ალბათ ჩვენი გადაცემები საიდანაც გადიოდა) და ახლა სადაც არხია, ის შენობაც ბანკისაა და მარტო იმიტომ ვართ, რომ საქართველოს ბანკი უწევს ანგარიშს იმას რომ ტვ-ს გამოგდება მძიმე შეცდომა იქნებოდა.
რა ვითარებაა ახლა?
ამ წუთას ეს შანტაჟისტი გოგი, ცხადია ოქუაშვილის მითითებით და უკვე სრულიად დარწმუნებული ვარ ივანიშვილთან გარიგებით, არხს ფაქტობრივად ხურავს. საკმარისი ფული ანგარიშზე გაყიდვების სახლს აქვს (სარეკლამო შემოსავლებიდან) და გოგის ხელმოწერაზე უარის გამო, ასევე ბანკებში შეტანილი წერილების და პროკურატურაში შეტანილი საჩივრების გამო, ფულს ვერ ურიგებენ თანამშრომლებს და ვერც სხვა ხარჯებს წევენ, მათ შორის, კომუნალურ და ტვ-ს ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ხარჯებს, რის გარეშეც ეთერის ტრანსლირებაც კი შეუძლებელი იქნება. ცხადია, რომ ეს ივანიშვილის თამაშის მოთამაშე ხალხი (სხვას ამ ქვეყანაში არავის აწყობს მთავარი არხის დახურვა) ყველაფერზე წამსვლელია. ფაქტია, ერთი ხელმოწერის გარდა, მისგან არაფერია საჭირო: არც ფული, არც რაიმე სხვა. მხოლოდ ხელმოწერა კანონიერი შემოსავლის კანონიერად განსაკარგად.
მოვუწოდებ დამფუძნებლებს, ვთხოვ საზოგადოებას, მედიას, ბიზნესმენებს – აპოვნინეთ არხს გამოსავალი ოქუაშვილის მეშვეობით ივანიშვილის რეიდერული დარბევის (რაც დახურვით დასრულდება) წინააღმდეგ! ეს მხოლოდ მათ არა, ჩვენ ყველას გვჭირდება, ჩვენს საერთო ბრძოლას სჭირდება!
წინასწარ გიხდით მადლობას!
მთავარი არხის ყოფილი დამფუძნებელი, ყოფილი დირექტორი, ყოფილი ჟურნალისტი და მუდმივი და ყველაზე დიდი გულშემატკივარი.
ნიკა გვარამია, ივანიშვილის ციხიდან (და არა ლონდონიდან)”