მიხეილ ცაგარელის კვირის (2-8 დეკემბრის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

5 დეკემბრიდან დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლა უარყოფითად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშანზე. გართულდება ახალი საქმის დაწყება და იდეების განხორციელება, გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიება და კონსენსუსის მიღწევა. 

ვერძი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, საზრიანობის და გონებამახვილობის ორგანიზატორული და ლიდერული თვისებების გამოვლენას, თუმცა ძალიან გაგიჭირდებათ ადამიანებთან ურთიერთგაგების მოძიება და საკუთარ სიმართლეში დარწმუნება. ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, რადგან ერთი-ორად მოიმატებს კონფლიქტების ალბათობა. არ ღირს ჩვეული სიხისტის და პირდაპირობის, სიჯიუტის და ზედმეტი კატეგორიულობის გამოჩენა, სულსწრაფი და გაუაზრებელი გადაწყვეტილებების მიღება. მოერიდეთ საქმიანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვას. გაუწიეთ ანგარიში სხვათა სურვილებს და სისუსტეებს.

კურო – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ეცადეთ მეტი დაისვენოთ და შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით. არ ღირს გარშემომყოფების კრიტიკა და საკუთარი მოთხოვნების წაყენება, რადგან ასე მხოლოდ დაძაბავთ მათთან ურთიერთობას. ბევრად პრობლემური იქნება კვირის მეორე ნახევარი. არაა გამორიცხული შეგექმნათ ფინანსური პრობლემები ან აგიცრუვდეთ გული ძველ საქმეზე. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას. ნაკლებად გაამართლებს ინვესტიციები და მსხვილი საყიდლები. თავი შეიკავეთ მოლაპარაკებებისა და საქმიანი შეხვედრების გამართვისგან.

ტყუპები – დინამიური, თუმცა რთული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ ძალიან გაგჭირდებათ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან საერთო ენის მოძიება. თქვენს დაბნეულობას და დეზორიენტაციას გამოიწვევს ურთიერთგამომრიცხავი მოვლენები, მით უფრო, რომ ნაკლებად გექნებათ დრო მათი გარკვევისა და გაანალიზებისთვის, იმედს გაგიცრუებენ ადამიანებიც, რომლებიც არ გაამართლებენ თქვენს იმედებს. თავი შეიკავეთ გარშემომყოფების კრიტიკისა და ზედმეტი მოთხოვნების წაყენებისგან, რადგან ყველა ვერ შეძლებს თქვენთვის ფეხის აწყობას და თქვენს რიტმს მორგებას. რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი – 5 დეკემბრიდან, ამიტომ ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის დასაწყისში მოაგვაროთ.

კირჩხიბი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, ბევრი ეცდება თქვენს გაკრიტიკებას, მაგრამ მაინც არ ღირს აღელვება, უმჯობესია მიიღოთ და გაითვალისწინოთ სხვათა შენიშვნები. ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი – 5 დეკემბრის შემდეგ, რადგან განსაკუთრებით გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიება. მოერიდეთ სიჯიუტის და ზედმეტი პრინციპულობის გამოვლენას, ბევრად უკეთესი იქნება თუ დათმობთ და უკეთესი დროისთვის გადადებთ საქმის გარჩევას. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში იჩინონ თავი ძველმა შეცდომებმა და ფინანსურმა ვალდებულებებმა, რომელთა მოგვარება გადადების გარეშე მოგიწევთ. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას, რადგან მაღალია ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა.

ლომი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, შეძლებთ გააქტიურებას, ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას, მაგრამ არ ღირს გადაჭარბება, ამბიციების, დიქტატორული თვისებების გამოვლენა და საკუთარი აზრის სხვებისთვის თავსმოხვევა, რადგან ამგვარი ქცევით მხოლოდ გარშემომყოფების გაღიზიანებას გამოიწვევთ. განსაკუთრებით რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, რადგან მოიმატებს კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა. მოერიდეთ ადამიანებთან, მათ შორის პარტნიორებთან კონფლიქტს, უმჯობესია აიღოთ პაუზა და გააგრძელოთ ინდივიდუალურად მუშაობა. 

ქალწული –  საკმაოდ მძიმე კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ძალიან გაგიჭირდებათ წონასწორობის შენარჩუნება, რისი მიზეზი სახლსა და სამსახურში კონფლიქტი გახდება. არაა გამორიცხული გული აგიცრუვდეთ ან ინტერესი დაკარგოთ ძველი სამუშაოს მიმართ და სწორედ ამ კვირაში დაიწყოთ ახალი სამსახურის ძებნა. მოერიდეთ ხელმძღვანელებთან კონფლიქტს, უმჯობესია გამოიჩინოთ ტაქტი, დიპლომატია და სცადოთ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება.

სასწორი – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ ინტერესთა კონფლიქტის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ პარტნიორებთან საერთო ენის მოძიება. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში, რათა არ აჰყვეთ ილუზიებს და ფანტაზიებს, მკაფიოდ განსაზღვრეთ პრიორიტეტები და გაერკვიეთ საკუთარ სურვილებში. გამოიჩინეთ  პრაგმატიზმი, ობიექტურად შეაფასეთ მოვლენები და მხოლოდ ასე მიიღეთ გადაწყვეტილება, რათა თავი დააღწიოთ შეცდომებს. ყურადღებით შეისწავლეთ ყველა დოკუმენტი და მხოლოდ შემდეგ მიიღეთ შეთავაზებული პირობები, რადგან მაღალია მოტყუების და შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა. 

მორიელი – კონფლიქტური კვირაა. მართალია, დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ დაკარგული თვითრწმენის ფონზე მაინც ძალიან გაგიჭირდებათ საკუთარი ინტერესების დაცვა, რაც გარშემომყოფებთან დაპირისპირების მიზეზი გახდება. ბევრად რთული იქნება კვირის ბოლო, რადგან აქტიური წინააღმდეგობის გაწევა მოგიწევთ მათთვის, ვინც საკუთარი გავლენის ქვეშ ეცდება თქვენს მოქცევას. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში შეგექმნათ მოულოდნელი ფინანსური პრობლემები, ამიტომ თავი შეიკავეთ მსხვილი საყიდლებისა და კაპიტალის დაბანდებისგან.

მშვილდოსანი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას, თუმცა საერთო ნეგატიური ტენდენციები თქვენც შეგიქმნიან პრობლემებს. განსაკუთრებით რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ ცდუნებების დაძლევა, მიმდინარე მოვლენების ობიექტურად შეფასება და ნაკლებად სასიამოვნო რეალობის მიღება. არაა გამორიცხული მოულოდნელად მოგიწიოთ გეგმების შეცვლა, რაც სპონტანურად მოქმედებას და გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას გაიძულებთ.

თხის რქა – ერთ-ერთი უმძიმესი კვირაა წლის მანძილზე. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. თავი შეიკავეთ ცვლილებების განხორციელებისა და გეგმების დასახვისგან, უმჯობესია შემოიფარგლოთ ყოველდღიური საქმეებით და შეასრულოთ რუტინული სამუშაო. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. მეტი ყურადღების გამოჩენა გმართებთ მოშურნეებისა და კონკურენტების მიმართ, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან ჭორებითა და ინტრიგებით თქვენთვის ხელის შეშლას. არ აჰყვეთ ცდუნებებს და ილუზიებს, რადგან მაღალია საბედისწერო შეცდომების დაშვების ალბათობა.

მერწყული – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ მაინც არ ღირს საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, რადგან მონდომების მიუხედავად, ვერც მათ შესრულებას შეძლებთ, ვერც ყოველდღიურ საქმეებს მოერევით. ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, რადგან გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა, მით უფრო, რომ ეჭვი შეგეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში, რაც ბრაზისა და გაღიზიანების მიზეზი გახდება. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, რომელთა ალბათობა განსაკუთრებით მოიმატებს კვირის ბოლოს.

თევზები – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, პირიქით ეცადეთ ნაკლები იმუშაოთ და მეტი დაისვენოთ. მართალია, ბევრი გააკრიტიკებს თქვენს ქცევას, მაგრამ მაინც არ ღირს გარშემომყოფებთან, განსაკუთრებით ხელმძღვანელებთან კამათი, უმჯობესია გამოიჩინოთ ტაქტი და თავშეკავება, საქმის გარჩევა კი, უკეთესი დროისთვის გადადოთ.

გეომაგნიტური დღეები – 2, 3, 5 და 8 დეკემბერი.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *