ალბათ ბევრ თქვენგანს შეუნიშნავს, რომ ბევრ ძველ აშენებულ ბინაში (განსაკუთრებით, ე.წ. “ხრუშოვკებში”) სამზარეულოსა და სააბაზანოს შორის ჩასმულია პატარა ფანჯარა. ალბათ იამაზეც დაფიქრებულხართ, საერთოდ, რა საჭიროა ეს ფანჯარა? ელექტრო ენერგია ხომ ყველა სახლშია. თუ არ დაფიქრებულხართ, მაშინ ახლა დაფიქრდით
ერთ-ერთი ვერსიით, ამგვარი სარკმლები სამშენებლო ნორმებით გაწერილი იყო იმ კორპუსებისთვის, რომლებშიც წყალი გაზის გამათბობლით თბებოდა. აფეთქების შემთხვევაში ფანჯრის არსებობას კედლები დანგრევისგან უნდა დაეცვა. თუ გამათბობელი სააბაზანოში იქნებოდა დამონტაჟებული, აფეთქების ტალღას ფანჯარა უნდა ჩაემტვრია, რაც კედლებს გადაარჩენდა.
თუმცა გაზის გამათბობლები შედარებით მოგვიანებით, სსრკ-ში გაჩნდა. ხოლო ამგვარი სარკმლები სამზარეულოსა და სააბაზანოს შორის მანამდეც კეთდებოდა. საკმარისია გავიხსენოთ ბულგაკოვის “ძაღლის გული”, რომელშიც დაწვრილებით არის აღწერილი, დატბორილი სააბაზანოდან სწორედ ამგვარი სარკმლის საშუალებით როგორ ეკონტაქტებოდა შარიკოვი პროფესორს.
ჩანს, სააბაზანოში არსებული ფანჯარა ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ასრულებდა, რომელთაგან მთავარი იყო სინათლის ეკონომია. ელექტროენერგია სახლებში მხოლოდXIX-XX საუკუნეების მიჯნაზე გაჩნდა. თუ სახლის მაცხოვრებლებს სააბაზანოში ერთი წუთით, ხელების გადასაბანად შესვლა დასჭირდებოდათ, ამისათვის სანთლის ან ლამფის ანთება ძალიან მოუხერხებელი იყო. სარკმელი კი მცირე, თუმცა საკმაო განათების საშუალებას იძლეოდა.
ამგვარი ფანჯრები ჰაერის ვენტილაციასაც უზრუნველყოფდა. შესაძლებელი იყო მათი გაღება ოთახის სწრაფად განიავებისა და ზედმეტი ტენის მოსაშორებლად. ამას გარდა, ფანჯარა საშუალებას იძლეოდა თვალყური ედევნებინათ ტუალეტსა თუ სააბაზანოში შესული ბავშვისთვის, ან იმ შემთხვევაში თუ შიგ შესული ადამიანი ცუდად გახდებოდა, დახმარება აღმოეჩინათ.