ისრაელში მოღვაწე მომღერალი კაკული გურიელაშვილი, რომელიც ოჯახთან ერთად აშკელონში იმყოფება, იქ არსებულ ვითარებაზე საუბრობს. მისი თქმით, რასაც ახლა ტერორისტები იქ აკეთებენ, მსგავსი საშინელი ფაქტები მსოფლიოში არ ახსოვს.
“ახლა ძალიან მძიმე სიტუაციაა, რადგან ყოველ წუთას რაკეტებს ისვრიან. ოჯახები გაანადგურეს, ფეხმძიმე ქალებს მუცლები გადაუჭრეს, ასეთი რამე მსოფლიოში არ მომხდარა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს (ისრაელის) ჯარს და მთავრობას, რომ ჭირშიც და ლხინშიც ერთნი ვართ. მგონი ეს თუ მოგვაგებინებს ამ ომს და პირველ რიგში უფალი იქნება ჩვენთან.
ახლაც შეტევები იყო 40 წუთი შეუჩერებლად, რაკეტებს ისროდნენ, თუმცა როგორც ტელევიზიიდან ვიცით, ყველა რაკეტა მოიხსნა და მსხვერპლი არ გვყავს. არც ერთი არ ჩამოვარდნილა ხალხმრავალ ადგილას. ეს შეტევა გავიარეთ თუმცა რა წუთს ისვრიან ვერ გაიგენ.
დღეს იმდენად ამაყი ადამიანი ვარ, რადგან არ შეწყვეტილა ისრაელში რაკეტების ჩამოვარდნა და ჩვენი ახალგაზრდები ამას არ შეუშინდნენ და დაიწყეს ჩამოსვლა ქვეყანაში, ზოგი ტაილანდიდან ჩამოვიდა, ზოგი ამერიკიდან, მიატოვეს სწავლა, გართობა, ყველაფერი და სახელმწიფოს დაუდგნენ გვერდით.
მე სულ ვამბობ, მე საქართველოში დაბადებული ებრაელი ვარ, ამაყი კაცი იმით, რომ ვარ ქართელი და ვარ ებრაელი და ვიცი, რომ ღმერთი შეგვეწევა და ყველაფერი კარგად იქნება” – ამბობს “ტვ პირველთან” საუბრისას გურიელაშვილი