რამდენიმე დღეა სტუმრად ვარ მეგობართან დასავლეთში.
მსგავსი დამოკიდებულება შინაური ცხოველების მიმართ ჯერ არ მინახავს და რომ არა ჩემი თვალით ნანახი, სხვას არ დავუჯერებდი.
ძაღლი, კატა, არ აქვს მნიშვნელობა, თუ სოფელში ცხოვრობ, აუცილებლად უნდა გყავდეს – აქ ასე ესმით, მაგრამ მოვლა რომ სჭირდება და ელემენტარული კვება, ეს არავის ახსოვს.
ჩემი მეგობარი ზაფხულობით ჩამოდის და ამ ორი თვის განმავლობაში ეზოში 7-8 ძაღლი მაინც იყრის თავს.
ყველას ჰყავს ფორმალურად პატრონი: ზოგი “ჯონდოიასია”, ზოგი “ზურიასი”, “თემურასი”, ზოგიც “ჯემალასი”… საერთო ის აქვთ, რომ თითოეული მათგანიუჭმელი და შიმშილისაგან დაოსებულია. რომმოინდომოს კაცმა, ტანზე გადაკრული ტყავიდან ამოცვენილ ნეკნებს დაუთვლის, შევარდნილ ფერდებს ძლივს რომ მიათრევენ, გული დაგეწვება.
რატომ მოგყავს ცხოველი, თუ ვერ უვლი, ვერ ვიგებ.
ძალიან მიყვარს ძაღლიც და კატაც, ზოგადად ცხოველები, მაგრამ არ მაქვს დრო და ვერ მივხედავ, ვიცი, ამიტომ არც არასდროს გამჩენია სურვილი რომელიმე მათგანი სახლში მიმეყვანა.
რატომ აწამებ?! ვერ აჭმევ, ვერ ასმევ და დაანებე თავი. მშიერი ძაღლი რომელ პირუტყვს გაგიძევებს ეზოდან ან რომელს აქვს ნადირობის შნო და თავი.
აქაურ მეზობელს შენიშვნა რომ მივეცი, სასაცილოდ ამიგდო, “თქვენა, ტო, ქალაქში კრიკერებს, რომ აჭმევთ, აქ ასე არის, მაგის საჭმელი პური კი არა, ხანდახან ჩვენი არ არისო,”- ჰოდა, შე დალოცვილო, თუ არ გაქვს, რაღას იდებ ცოდვას, სულიერი არ არის?!
ჭამას რომ თავი დავანებოთ, არ ვამეტებ სიტყვას, დილით ეზოში ჩამოვედი, ორი ძაღლი იწვა. დანარჩენები ჯერ არ ჩანდნენ, ფეხსაცმლის ასაღებად დავიხარე და ორივე ერთდროულად, დენდარტყმულივით წამოვარდა წკმუტუნით, კარგად ხვდებით, როგორც ექცევიან ალბათ თითოეულ მათგანს. ეს ხდება მასობრივად, შეშინებულები დასტრესილები და დათრგუნულები არიან.. არ აჭმევ, არ ასმევ და ურტყამ, ადამიანი ხარ?!
ქათმებს ერჩისო და ერთს მუდმივად დაბმული ჰყავს, ზოგჯერ დილიდან საღამომდე წყალს არ მიუდგამს, ახლოს ცხოვრობენ და გადამაქვს წყალი და საჭმელი საწყალ ძაღლთან.
ძალიან ვბრაზდები, როცა მსგავს სადისტურ შემთხვევებს ვაწყდები, ლექციების კითხვას რომ ვიწყებ, სასაცილოდ არ ჰყოფნით, როდის მიდის შენი “ცხოველთა დამცველიო” ჩემს მეგობარს ეუბნებიან ღრეჭვით.
ნუ იქნებით, ხალხო, ასეთი გულქვები, ნუ მოიყვანთ ცხოველებს თუ იცით, რომ ვერ მოუვლით! ნუ აყურებინებთ მათ ტანჯვას ბავშვებს, თორემ მოგიბრუნდებათ ბუმერანგივით, ჩაუნერგეთ და ასწავლეთ ცხოველების მოვლა, სიყვარული, მეგობრობა, მათზე ზრუნვა. მიეცით და აჩვენეთ სწორი მაგალითი”.
ლიკა, 25 წლის
შენიშვნა : ფოტო პირობითია