ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ვალენსიის რეგიონში წყალდიდობის შედეგად 72–მდე ადამიანი დაიღუპა. სტიქიის შედეგად ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ვალენსიაში მცხოვრები ქართველი თეა შუბითიძე იქ არსებულ ვითარებაზე “ამბები.ჯი”–ს ესაუბრა:
– როცა წყალდიდობა დაიწყო, მე სახლში ვიმყოფებოდი, მაგრამ ჩემი მამამთილი და ჩემი მაზლი ჩარჩნენ იმ ადგილას, სადაც ეს ტრაგედია მოხდა. წაღებულია ხიდები, ყველა გზა ჩახერგილია, ვერავინ ვერსად ვერ გადის… მანქანა მანქანას აზის, საშინელება ხდება. ბევრი გარდაცვლილია, მათ შორის ბავშვები. ვინც ქვედა სართულზე ცხოვრობდა, იქ მარტო ერთ ადგილას 10 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ყოველ 10 წუთში გაფრთხილების სიგნალი მოდის. ყველაფერი განადგურებულია. ისტორიას არ ახსოვს ასეთი რამ ვალენსიაში.
მე აქ ვარ დაოჯახებული ესპანელზე, ზუსტად შემიძლია დავადასტურო, რომ მსგავსი რამ ვალენსიაში არ მომხდარა. ქართველები აქ ბევრი არიან. ერთი ახლობელი ქართველია, რომელმაც გუშინ მანქანიდან გადმოასწრო, გადმოიყვანეს მაშველებმა… პაიპორტაში ცხოვრობს, რომ ვუყურებდი იქ რა ხდებოდა მივწერე, მოვიკითხე, მითხრა, ჩავრჩი ვალენსიაშიო, ძლივს გადმოვასწარი მანქანიდანო. მანქანები ისე მიჰქონდა წყალს, როგორც ქაღალდები. თავს დაგვატყდა ტორნადოები, ქარიშხალი, წვიმა, მდინარეები ადიდდა. ამან გამოიწვია საშინელი კატასტროფა.
ვერტმფრენები არ ჩერდებიან დარბიან აქეთ იქით, დაკეტილია ყველაფერი. ახლა უსაფრთხოდ ვარ. ზრუნავს ჩვენი მთავრობა ხალხზე. ყურადღების ცენტრში ვარ, არ მეშინია.
პანიკა იგრძნობა, მაგრამ ახლა ნამდვილად არის საპანიკო. სუპერმარკეტებშიც ვერ ხდება დისტრიბუცია. ხიდებიც არ არსებობს, ამიტომ დისტრიბუციის მანქანები ვერ ამარაგებს მაღაზიებს. საშინელება ხდება. სუპერმარკეტებს მიაწყდა ხალხი, წეღან გასული ვიყავი, არაფერი იქ აღარ იყო. არც კვერცხი, არც წყალი.
აღარაფერი აღარ იყო. ალბათ ვერტმფრენებით გადმოიტანენ რამეს. ესპანელები ემოციურები არიან უფრო, მე პანიკაში ძალიან არ ვარ. ყველა სუპერმარკეტი დაცარიელებულია. იმხელა რიგებია, გამოცარიელებულია მაღაზიები”- ამბობს ესპანეთში მცხოვრები ქართველი.
ბოლო ინფორმაციით, ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ვალენსიის რეგიონში წყალდიდობის შედეგად 72–მდე ადამიანი დაიღუპა. ესპანეთში ძლიერი წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ და ნიაღვარმა გზები და ხიდები დააზიანა, წაიღო მანქანები და დატბორა ქალაქები. სტიქიის შედეგად ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა ვალენსიის რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.