ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის სანაპიროზე 7-ბალიანი შტორმია. ამის შესახებ აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების ე.წ. სამინისტროში აცხადებენ. მათივე ცნობით ტალღებმა დატბორა სატუმბი და სატრანსფორმატორო ქვესადგურები, ასევე ქალაქის ცენტრალური წყალსადენი.
სანაპიროსთან ახლომდებარე ზოგიერთი ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. სტიქიამ დააზარალა რამდენიმე სახლი სოხუმში.
დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მაშველები არიან ჩართულები. ადგილობრივი მედია წერს, რომ სანაპირო ზოლთან არსებული კაფეები ფაქტობრივად განადგურებულია.
შტორმის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი ალახაძი. სოფლის ე.წ. ადმინისტრაციის “ხელმძღვანელი” მუკაილ კაიშიანი ამბობს, რომ პირველ სანაპირო ზოლში მდებარე სახლები დაიტბორა
“პირველი სანაპირო ზოლი ძალიან დაზარალდა. ყველა კაფე დაინგრა, კერძო სახლები დაიტბორა. ჯერჯერობით ათამდე შემთხვევა ზუსტად ვიცი, მაგრამ უფრო მეტი ინფორმაცია ხვალ გვექნება”, – განაცხადა მან. კაიშიანმა დასძინა, რომ ადგილობრივი სასაფლაოც დაიტბორა