ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ძმის გარდაცვალების შესახებ დაწერა. როგორც ცნობილია, მისი უფროსი ძმა ნიკა ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, რომელიც გორი-რუისის გზაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. მომხდარის შედეგად 20 წლის ნიკა ქვრივიშვილი ადგილზე დაიღუპა.
“ავტობანზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლა, სწრაფად მიმავალი მანქანა დაეჯახა, როცა გზაზე გადადიოდა” – ჰყვებიან ახლობლები.
“ძმა დავკარგე… სამუდამოდ ჩემს გულში დარჩები ნიკა, უკეთეს ცხოვრებას იმსახურებდი. სულ თვალწინ მიტრიალებს მთელი ჩვენი ბავშვობა, არ მჯერა, რომ აღარ ხარ და ალბათ ვერც დავიჯერებ” – წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი.
ცნობილია, რომ წლების წინ ალექსანდრეს ოჯახმა ოთხი დედმამიშვილი იშვილა. მაშინ მომღერლის დედა ამბობდა, რომ ბავშვების დედას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვილებზე ზრუნვა არ შეეძლო და ამიტომ ისინი თავისთან წამოიყვანა. სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო ნიკა, რომლის შესახებაც ალექსანდრე წერს.