კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებას ეხება. ოჯახი ბექა ჯაიანის უმკაცრეს დასჯას ითხოვს და მისი შეურაცხადობის და აფექტის არ სჯერა.
ოჯახის პოზიცია დღეს მათმა ადვოკატმა გააჟღერა, მან თქვა, რომ ტრანსგენდერის ოჯახი სასჯელის ზომად და სახედ თავისუფლების უვადო აღკვეთას ითხოვს.
იმ შემთხვევაში, თუ მკვლელობისთვის დაკავებული ბექა ჯაიანი ციხის ნაცვლად, ფსიქიატრიულ კლინიკაში გაუშვეს, ტრანსგენდერი ქალის ახლობლები ბოლომდე ბრძოლას აანონსებენ.
არსებობენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ამ საბედისწერო შემთხვევამდე არაერთხელ ყოფილა კონფლიქტი მათ შორის, რისი მიზეზიც იყო კესარიას ორიენტაციაზე მითითება ბრალდებულის მხრიდან. ფაქტია ერთი, რომ პირმა განიზრახა დანაშაულის ჩადენა, მკვლელობა, შეიძინა დანაშაულის იარაღი, ავიდა, სისრულეში მოიყვანა მისი განზრახვა, განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, გაიქცა, გადამალა მტკიცებულებები, გაანადგურა მტკიცებულება – ტანსაცმელი და სცადა დაეტოვებინა ქვეყნის საზღვარი.
ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში 18 სექტემბერს მოკლეს. მას სხეულზე დანით 28 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი პარტნიორი ბექა ჯაიანია დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.