„ირგვლივ საშინელება ხდებოდა, დასამალი ადგილი არ იყო“ – პირველი კადრები სასაკლაოდ ქცეული მუსიკალური ფესტივალიდან

ისრაელის სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ 260-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა მუსიკალურ ფესტივალზე. როგორც სამაშველო სამსახურში განმარტავენ, გარდაცვლილთა რაოდენობა სავარაუდოდ უფრო მეტი იქნება. ვრცელდება პირველი კადრები ტრაგედიის ადგილიდან.

7 ოქტომბერს ნეგევის უდაბნოში, კიბუც რე-იმთან ახლოს, ებრაული დღესასწაულის სუკოტის აღსანიშნავად ნოვას მუსიკალური ფესტივალი იმართებოდა. მუსიკის მოყვარულები კვირების განმავლობაში ელოდნენ  ფესტივალს.

„დადგა დრო, როდესაც მთელი ოჯახი კვლავ შეიკრიბება“, „რა სახალისო იქნება!“ – წერდნენ ორგანიზატორები სოციალურ მედიაში ფესტივალის დაწყებამდე.

Საცეკვაო ფესტივალი მთელ ღამეს გაგრძელდა, თუმცა გამთენიისას, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე, სირენების ხმა გაისმა, რასაც ძალიან სწრაფად რაკეტების სროლაც მოჰყვა.

საჰაერო თავდასხმა არ იყო ყველაზე საშინელი, რაც ფესტივალის მონაწილეებს ელოდათ – მოულოდნელად ტერორისტები ფესტივალზე შეიჭრნენ და შეკრებილებს ცეცხლი გაუხსნეს.

ტერორისტები „ხე-ხე დადიოდნენ და ისროდნენ. ყველგან. ორივე მხრიდან. დავინახე, რომ ირგვლივ ხალხი კვდებოდა“, – თქვა ერთ-ერთმა გადარჩენილმა.

თავდასხმის შედეგად ფესტივალის მონაწილეების ნაწილი დაიღუპა, ნაწილი ჰამასის წევრებმა მძევლად აიყვანეს, ზოგმა გაქცევა და დამალვა მოახერხა.

ფესტივალის ერთ-ერთმა მონაწილე ტალ გიბლიმ CNN-ს მომხდარ თავდასხმაზე დეტალურად უამბო. მისი თქმით, ტერორისტების ფესტივალზე შეჭრის შემდეგ ხალხში პანიკა დაიწყო, ისინი მანქანებისაკენ გარბოდნენ, რათა სწრაფად დაეტოვებინათ მიმდებარე ტერიტორია, თუმცა ტერორისტებმა სწორედ ამ მიმართულებით დაიწყეს სროლა, რის გამოც ფესტივალის მონაწილეები სხვადასხვა, გაურკვეველი მიმართულებით გაიფანტნენ.

„ჩვენ არ გვქონია დასამალი ადგილი, რადგან ღია სივრცეში ვიყავით“. – უთხრა მან CNN-ს.

გიბლი ამბობს რომ თავდაპირველად ტყისკენ გაიქცა, შემდეგ კი გზაზე მიმავალ მანქანას გაჰყვა და თავდასხმის ეპიცენტრს მოშორდა. მისი თქმით გზის პირას მრავალი დაღუპული დაინახა, მათ შორის ერთ-ერთი, მანქანასთან ახლოს, ხოლო მეორე სავარძელში იყო მოკლული.

„ეს ისეთი საშინელი იყო… ჩვენ არ ვიცოდით სად წავსულიყავით, რომ არ შევხვედროდით იმ ბოროტებას, მრავალი მეგობარი ტყეში დავკარგე“, – ამბობს იგი CNN-თან.
ცნობისთვის, სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *