შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს.
მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი, დარჩენილი სამი პიროვნება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველები ჩაერთნენ.
უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედრის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.