მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ავტოტრანსპორტის ყველა კატეგორიისთვის ორეტაპიანი გახდება – ინტერვიუ
მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყველა კატეგორიისთვის ორეტაპიანი გახდება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ კიკნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ითვალისწინებს.
უფრო კონკრეტულად, მართვის მოწმობის ორ ეტაპიან გამოცდაზე, ამ დროისთვის არსებულ ვითარებასა და მოსალოდნელ ცვლილებებზე „ბიზნესპრესნიუსი“ რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის უფროსთან ინტერვიუს გთავზობთ:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ასრულებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. აღნიშნულის ფარგლებში, მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორ ეტაპიანი გახდა, რაც გულისხმობს რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებას. ასევე, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები დაემატა. ამ ეტაპზე აღნიშნული მოქმედებს B; BE; C; D; C1 და D1 კატეგორიები/ქვეკატეგორიებისთვის. აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს, როგორც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის სისტემის დახვეწას, ასევე, საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლებას,“- აღნიშნა ზურაბ კიკნაძემ.
თუ შეგიძლიათ გვითხრათ, წელს რამდენი პირი გავიდა გამოცდაზე და ამათგან რამდენმა ვერ ჩააბარა?
2024 წლის 6 თვის მონაცემებით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გავიდა 31 200-მდე პირი, ამ ეტაპზე წარმატებით ჩააბარა 14 000-მდე პირმა, თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კანდიდატს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად 365 დღიანი ვადა აქვს განსაზღვრული.
როგორც იცით, მართვის უფლების მისაღებ გამოცდებს მეორე ეტაპი – გამოცდა რეალური მოძრაობის პირობებში, დაემატა 2022 წლის 25 აპრილიდან.
რაც შეეხება შედარებას, 2021 წელს გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობა (პირველადი) არის – 47 891, ხოლო 2023 წელს გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობა (პირველადი) – 27 255. რაოდენობა შემცირდა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ კანდიდატს მეორე ეტაპის ჩასაბარებლად 365 დღიანი ვადა აქვს, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა პირმა დახურულ მოედანზე გამოცდა ჩააბარა 2023 წლის ივლისში, ხოლო პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი წარმატებით ჩააბარა 2024 წლის მაისში. შესაბამისად, ამ სტატისტიკით ცალსახად ვერ ვიტყვით რომ საგრძნობლად არის შემცირებული.
პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარება ახლა რომელ ქალაქებშია შესაძლებელი, ხომ არ დაემატება ახალი მარშრუტები?
პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი ბარდება ათ ქალაქში. ესენია: რუსთავი, გორი, თელავი, ახალციხე, საჩხერე, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ზუგდიდი და ბათუმი. ახალი მარშრუტები ამ ეტაპზე დამატებულია ორ ქალაქში: ოზურგეთსა და გორში.
პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაწყებამდე გამომცდელი სვამს კითხვებს ავტომობილის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით, კანდიდატები რამდენად მარტივად ართმევენ დავალებას თავს?
დიახ, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, თითოეული კატეგორიისა თუ ქვეკატეგორიისთვის განსაზღვრულია ავტომობილის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული შესაბამისი კითხვები. ეს არის ის ელემენტარული კითხვები, რომლებზეც პასუხები მძღოლობის კანდიდატებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ. რაც შეეხება, კანდიდატის მხრიდან მზაობას, მათთვის ამ ეტაპის დამატებას არ გამოუწვევია განსაკუთრებული სირთულე. აღსანიშნავია, რომ გამომცდელი კანდიდატს უსვამს ორ კითხვას. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლობის კანდიდატი ვერ შეასრულებს გამომცდელის მიერ მიცემულ დავალებას, ჩაეთვლება მსუბუქ შეცდომად და მას აქვს შესაძლებლობა გააგრძელოს საგამოცდო ეტაპი. რაც შეეხება გამომცდელის მიერ დასმული შეკითხვების შინაარს, აღნიშნული საკითხები განთავსებულია მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე (sa.gov.ge).
ქართული მართვის მოწმობით გადაადგილება რამდენ ქვეყანაშია შესაძლებელი?
საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის გამოყენება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბევრ ქვეყანაში არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობის კატეგორიები და ქვეკატეგორიები სრულ შესაბამისობაშია ვენის კონვენციით დადგენილ მართვის მოწმობის კატეგორიებთან და ქვეკატეგორიებთან. თუმცა, დაინტერესებულმა პირებმა, მართვის მოწმობის გამოყენების ვადებისა და მოწმობის შეცვლის წესთან დაკავშირებით საჭიროა მიმართონ მათთვის სასურველი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლობებს.
ამ ეტაპზე რომელიმე ქვეყანასთან ხომ არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქართული მართვის მოწმობის აღიარებასთან დაკავშირებით?
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირლანდიის ტრანსპორტის სამინისტროსა და ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მართვის მოწმობების გადაცვლის შესახებ. ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაშია 2024 წლის 25 ივნისიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და ირლანდიის მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელებს, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეუძლიათ გადაცვალონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობაში მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ ასევე, ხელი მოეწერა „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმებას. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.
საქართველოში გაიცემა საერთაშორისო მართვის მოწმობაც, რამდენად მოთხოვნადია, რამდენ ადამიანს აქვს და ყველა ქვეყანაში შესაძლებელია თუ არა აღნიშნული მართვის მოწმობით სარგებლობა?
მომსახურების სააგენტოს მიერ, საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე 3 წლის ვადით. ისევე, როგორც ეროვნული მართვის მოწმობა საერთაშორისო მართვის მოწმობაც გაიცემა ვენის კონვენციით დადგენილი მოთხოვნებით, მისი გამოყენების ვადებსა და წესებთან დაკავშირებით საჭიროა დაინტერესებულმა პირმა მიმართოს იმ ქვეყნის წარმომადგენლობას, სადაც სურს დოკუმენტის გამოყენება. წელიწადში, საშუალოდ 5000-მდე ადამიანი სარგებლობს მომსახურების სააგენტოს აღნიშნული სერვისით.
საგამოცდო საკითხების ან პრაქტიკული ნაწილის გართულება ხომ არ იგეგმება? ზოგადად, რა სიახლეებს შეიძლება ველოდოთ ამ კუთხით?
მომსახურების სააგენტო აგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და დარჩენილი კატეგორიების/ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდება.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი