გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ჩხუბის შედეგად, 40 წლამდე მამაკაცი მძიმედ დაშავდა. ის, ამ დრომდე, სამხედრო ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
„პაციენტს მკურნალობა უტარდება სამხედრო ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაში. კლინიკაში შემოყვანისას აღენიშნებოდა თავის ქალის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული ჰემორაგია, ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია“, – აცხადებენ სამხედრო ჰოსპიტალში.
მომხდარს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. უწყების ცნობით, თანასოფლელის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, სამართალდამცავი დააკავეს.
„დაკავებული 1993 წელს დაბადებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორია“, – აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
ადგილობრივების ინფორმაციით, 40 წლის კაცს სახლში შეუვარდნენ და სცემეს. მათივე ცნობით, მომხდარს დაზარალებულის მეუღლეც შეესწრო.
წყარო: „რადიო მოზაიკა“