თელავის პოლიციის თანამშრომლები 23 წლის გუნელ გასანოვას მთელი კახეთის მასშტაბით ეძებენ. გოგო სოფელ კაბალიდან გუშინ, დაახლოებით საღამოს 20:00 საათზე გაიტაცეს.
ფორმულას მიერ მოპოვებული გატაცების ამსახველი ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ ქალი ძალის გამოყენებით 4-მა ნიღბიანმა გაიტაცა.
როგორც მეზობლები ამბობენ, სწორედ ქუჩაში სეირნობის დროს გოგოს ახლობლად “მერსედესის” მარკის ვერცხლისფერი ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც სამი პირი გადმოვიდა.
ირკვევა, რომ თავდაპირველად, სავარაუდო დამნაშავეები ბებიას ფიზიკურად გაუსწორდნენ და მას შემდეგ, რაც ხანშიშესული ქალი ცემის შედეგად მიწაზე დაეცა, ახალგაზრდა კაცმა გუნელ გასანოვა ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასვა და გაიტაცა. ბებია კი კლინიკაში იმყოფება.
ადგილობრივების ინფორმაციით, 23 წლის ახალგაზრდა ქორწინების მოტივით გაიტაცეს. როგორც მეზობლები “პირველებთან” ამბობენ, გატაცებული გოგო და გამტაცებლები თანასოფლელები არიან, თუმცა მათ ერთმანეთთან არანაირი სახის კავშირი არ ჰქონიათ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. გატაცებული ქალის ძებნაში პოლიციაა ჩართული.