“ახლა მუშაობა ერთ როლზე დავასრულე. კინოში გადამიღეს, კანადელი რეჟისორია ჩამოსული და ფილმზე ამიყვანა. “ფორტუნა პლუსი“ ჰქვია სურათს. თავიდან თითქოს უარი ვთქვი, მაგრამ ახალგაზრდა რეჟისორმა დამარწმუნა – თქვენ უნდა იყოთო. ძალიან დარდიანი ადამიანის როლი ვითამაშე, რომელსაც თავის პატარა ბიზნესი აქვს,“ – გვეუბნება მსახიობი ვასიკო ბახტაძე, რომელსაც კინოსა თუ თეატრში არაერთი როლი აქვს შექმნილი. არაერთ პოპულარულ სერიალშიც უთამაშია…
მასობრივად ცნობილი კი კრიმინალური სერიალის “ცხელი ძაღლი“ შემდეგ გახდა, სადაც პოლიციელ რეზო ქათამაძის როლი შეასრულა.
ვასიკო ბახტაძე AMBEBI.GE-ს სტუმარია. ვსაუბრობთ კარიერაზე, ნათამაშევ როლზე, თეატრზე, კინოზე და ფოტოზე, რომელიც მას ავტობუსში მგზავრობისას ვიღაცამ უნებართვოდ გადაუღო…
– ცოტა ხნის წინ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ვიღაცამ ფოტო უნებართვოდ გადაგიღოთ, სოციალურ ქსელში ატვირთა და საოცარი წარწერა გაუკეთა. ამ ფაქტმა ადამიანებში თქვენ მიმართ თანაგრძნობა გააჩინა, რასაც კომენტარებით გამოხატავდნენ. როდესაც ნახეთ ფოტო, როგორი იყო თქვენი რეაქცია?
– როგორც ჩანს, ვიღაც ბავშვმა ჩუმად გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა. საოცარი კომენტარები მოჰყვა – “ასე არ უნდა ხდებოდეს, ქართული მსახიობი ავტობუსით არ უნდა მგზავრობდეს“ და რა არ წავიკითხე. თბილისში დავიბადე და გავიზარდე, ხან ავტობუსით მივდიოდი და მოვდიოდი, ხან ფეხით, ხან მანქანით, ხან ტაქსით… მაგრამ ახლა ისეთი საცობებია, ავტობუსის გარდა სხვანაირად ვერ გადაადგილდები. სწორად გამიგეთ, ავტობუსით მგზავრობა ამ დროს ბევრად ხელსაყრელია. გავოცდი, როცა ამაზე მთელი ამბავი ატყდა. “უი, გამათხოვრებულა”, უი, ასე, უი, ისე… რატომ ვარ გამათხოვრებული, ასე დავდივარ, ასე გადავადგილდები, ეს ჩემი ყოველდღიურობაა. იმ კომენტარებიდან გამომდინარე ვიტყვი, თუ ვინმემ იცის, როგორ უნდა ვიცხოვრო, მითხრას. შევეცდები ისე ვიყო… მაგრამ ისიც არის – ყველას ვერ გამოვეხმაურები, რა ვქნა…
– დარწმუნებული ვარ, თქვენთან ფოტოს როგორც პოპულარულ მსახიობთან დღემდე იღებენ, მაგრამ ეს თქვენთან შეთანხმებით და დიდი სიამოვნებითაც ხდება…
– რომ ეთქვა, ვიღებო, თუ ჩემი ასეთი ფოტო უნდოდა, უფრო ტრაგიკულ სახეს მივიღებდი. თან, გასაოცარი მუსიკა დაადო, ისეთი, რომ ნახევარმა საქართველომ დამირეკა, ხომ ცოცხალი ხარო?!. არის გასაბრაზებელი, მაგრამ არ ვბრაზობ და არ ვჩხუბობ, რადგან ვერაფერს შევცვლი…
– დავუბრუნდეთ თქვენს საყვარელ პროფესიას… ბავშვობიდან გინდოდათ მსახიობობა?
– ბავშვობაში დავდიოდი თეატრალურ წრეზე, კი მინდოდა მსახიობობა. ისე, ყველა ადამიანში არსებობს თამაშის სურვილი, მით უმეტეს, ბავშვობაში… მიუხედავად ამისა, სკოლა რომ დავამთავრე, ეკონომიურზე ჩავაბარე, რადგანაც უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების დრო რომ მოვიდა, თქვეს, ეს ძალიან მსუქანი და დიდია, ვინ მიიღებსო. ამან რაღაც გული ამიცრუა… მერე ეკონომიურიდან საბუთები მაინც „თეატრალურში“ გამოვიტანე, გამიმართლა და ჩავაბარე. დავამთავრე კინოსა და თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი.
– რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინი?
– თეატრალურ ინსტიტუტში წინა თაობის ნათქვამი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ვინც აბარებდა, ასეთი იყო – „სწავლის პერიოდში თავი ჯერ საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი გგონია, მერე საბჭოთა კავშირის დამსახურებული არტისტი, მერე საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი და რომ დაამთავრებ, ხვდები, რომ არტისტობა უნდა დაიწყო”… ზუსტად ასეა, გზა თვითონ უნდა გაიკვლიო, იმოღვაწო, თუ ამ საქმეს მოღვაწეობას დავარქმევთ…
– დღესდღეობით თეატრის შტატში არსად ხართ?
– არსად და არც ვყოფილვარ. მიწვევით კი თითქმის ყველგან მითამაშია… შტატში რომ ვყოფილიყავი, ამის გამო არავისთან მივსულვარ და მითხოვია, მიმიღეთ-მეთქი. ისე, რეალურად არც ვიცი, ეგ როგორ ხდება… ჩემს დროს განაწილება არ იყო, რომ სადმე მოხვედრილიყავი და მერე გზა იქიდან გამეკვლია… რომ ჩავაბარე კოტე სურმავას ჯგუფში ვიყავი და დათო დოიაშვილის ჯგუფი დავამთავრე.
– მგონი, ყველაფრის კომპენსაცია სერიალი “ცხელი ძაღლი” აღმოჩნდა, რომელმაც პოპულარობა მოგიტანათ. თეატრში როლები მიწყობითაც რომ გეთამაშათ, შესაძლოა, ასეთი პოპულარული არც ყოფილიყავით…
– სხვათა შორის, ეს კინოს, ეკრანს ახასიათებს. შეიძლება სცენაზე არაფერი ითამაშო, კინოში ერთი როლი და პოპულარობით იმას გაუსწრო, ვინც თეატრს შეაბერდა. “ცხელ ძაღლს“ რთულ პერიოდში ვიღებდით, როცა ქვეყანაში არც ისე დალაგებული სიტუაცია იყო… მანამდე კამერასთან მუშაობის გამოცდილება კინოში უკვე მქონდა – „ნუცას სკოლაში“ მერაბ კოკოჩაშვილმა გადამიღო. გადაღებამ 4 წელი გასტანა, რადგანაც დაფინანსება რთული მოსაპოვებელი იყო.
მოკლედ, ისე მოხდა, რომ ამ სერიალზე დამიძახეს… ჩემმა მეგობარმა, დათო ბეშიტაიშვილმა, რომელიც „ცხელ ძაღლში“ ასევე თამაშობს, მითხრა, – კასტინგზე მოდიო. 2-ჯერ მივედი, არ დამხვდნენ, გადამღებ ჯგუფს უკვე მესამედ შევხვდი და დამამტკიცეს.
– როდესაც გაიგეთ, პოლიციელის როლი უნდა გეთამაშათ, ამას როგორ შეხვდით?
– მსახიობის პროფესია ასეთია, ყველა როლს უნდა მოერგო და დათანხმდე. თან როცა დამწყები მსახიობი ხარ, რასაც გთავაზობენ, გიხარია. ისე, თავიდან კი ვთქვი, კარგი, რა პოლიციელი-თქო? მაგრამ მერე როლი იმდენად გავითავისე, რომ პოლიციაში სამსახურიც კი შემომთავაზეს. კი, ასეთიც მოხდა…
– დამაჯერებელი იყავით…
– დღემდე ქუჩაში ასე მხვდებიან – გამარჯობა, ბატონო რეზო. ქათამაძეები რამდენი ხართ? არა, მე ვასიკო ბახტაძე ვარ, მაგრამ ისეთი სახით მიყურებენ ხოლმე, ხანდახან არ ღირს ამის თქმა. იადამიანი ასე აღგიქვამს, მისიანად და ჩვეულებრივ გელაპარაკება. მერე ვიღაც მეტყვის, – შეიძლება თქვენთან სურათი გადავიღო? დამშვიდობებისას კი – აბა, კარგად, ბატონო რეზო და გაიცინებს. ვიღაცები რევაზ შალვოვიჩს მეძახიან. ხალხისგან ასეთი ყურადღება და სითბო მოდის.
– თქვენს პარტნიორთან, მსახიობ ჟანრი ლოლაშვილთან, სერიალში ზახარიჩთან მუშაობამ რა დაგიტოვათ?
– თავიდან გადასაღებ მოედანზე რომ დავინახე, სირცხვილისგან ვიწვებოდი… დიდი მსახიობია. იგივე შემიძლია, ვთქვა გურამ ფირცხალავაზეც. რაღაცებს ისე გვასწავლიდნენ, ისე გვაძლევდნენ მაგალითებს, რომ არ არსებობს იმას რამეზე არ დაეფიქრებინე.
ერთხელ სანამ კადრს დააყენებდნენ, ყველანი ერთად ვისხედით, იქ გოგო შემოვიდა, ბიჭები არ გავნძრეულვართ. მისი შემოსვლა ჩვეულებრივად მივიღეთ. უეცრად ბატონი ჟანრი წამოდგა და მოდი, შვილო დაჯექიო. სირცხვილისგან სად წავსულიყავით, არ ვიცოდით. ამ საქციელით, იმდენი რამ გვასწავლა, რა გითხრათ. მერე წაგვიყვანდა, ხან ხინკალს გვაჭმევდა, ხან ლუდს გვასმევდა…
გურამ ფირცხალავასგანაც ბევრი სითბო მახსოვს, ერთხელ გადაღებისას, ტექნიკური ნიუანსი ისე თბილად, ტკბილად, მეგობრულად ამიხსნა, ეს მთელი ცხოვრება დამრჩა როგორც მაგალითი ჯერ ურთიერთობის და მერე უმცროსი კოლეგისთვის პროფესიული ხერხის გაზიარების. დიდი ადამიანი იყო. ამას უფროსი თაობა, ვინც იქ მუშაობდა, იმდენად მაგრად აკეთებდა, რომ ახალგაზრდებისთვის გადამდები იყო. ამ ყველაფერმა ბევრი რამ გვასწავლა. მათი ბუმბერაზობაც ამაში გამოიხატებოდა. გამიმართლა, რომ ამ ადამიანების გვერდით მიწევდა მუშაობა.
– თეატრს დავუბრუნდეთ – ისე, რატომ უნდა ყველა მსახიობს ჰამლეტის თამაში და ახლა რომ შემოგთავაზონ ეს როლი, თუ ითამაშებთ?
– კი, რატომღაც ასეა, ჰამლეტის თამაში ყველას უნდა… თეატრალურში რომ ვსწავლობდი, მეუბნებოდნენ, ჰამლეტის ტიპაჟი ხარ, ისიც ასეთივე გარეგნობის, დიდი, მსუქანი იყოო… ჰამლეტს სხვა ენერგია სჭირდება, შეიძლება ყველაფერი გააკეთო, მაგრამ ჯობია, ეს როლი 19 წლის ბიჭმა ითამაშოს, ვიდრე ასაკით უფროსმა პროფესიონალმა მსახიობმა. ყველა როლს თავის ასაკი აქვს…
– თქვენი ყოველდღიურობა თეატრით რომ იყოს მთლიანად მოცული, ალბათ ისურვებდით?
– კი, ალბათ… ხომ ამბობენ, დიდი და პატარა როლი არ არსებობსო. მეც ასე მგონია. ვიღაცაზე იტყვიან ხოლმე, ეპიზოდში იყო, მაგრამ ისეთი გასვლა ჰქონდაო, – კი, ლეგენდების მჯერა…
– ცნობილია, რომ თქვენი პატარა ბიზნესი გაქვთ და ამით ხართ დაკავებული, რადგან ცხოვრებამ ასე მოიტანა. ადამიანი დღეს რამდენიმე სამსახურ ერთმანეთთან ათავსებს…
– ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენთან არ არის იმდენი ანაზღაურება, რომ ცხოვრების მოთხოვნებს მოერიო. რასაც შეძლებ, უნდა აკეთო. თუ არადა, უნდა იარო, იძახო, მაგარი ვარ და როლი არ გქონდეს, სამსახური არ გქონდეს, ასე როდემდე გაძლებ?! კი, პატარა ბიზნესში ვარ ჩართული, არის მაღაზია, რომელიც ჩემი მეგობრისაა, სადაც ერთად ვშრომობთ.
– გყავთ ვაჟი, მართალია, ჯერ პატარაა, მაგრამ ხომ არ უთქვამს, რომ მსახიობი უნდა გამოვიდეს?
– მაქსიმე 8 წლის არის. კი, უნდა მსახიობობა. წამოიზარდა, რაღაცებს უყურებს და მოსწონს. ვნახოთ, რას იზამს. მსახიობობას ვურჩევდი თუ არა? ვურჩევდი, რატომაც არა. არჩევანის გაკეთებაში მეც თავისუფალი ვიყავი ყოველთვის და მაქსიმეც ასე იქნება, როცა პროფესიის არჩევას გადაწყვეტს…
ძალიან კარგი ადამიანია, მე შევხვდი პირადად თავის მაღაზიაში, ხელსახოცის საყიდლად შევედი და ისე მოხდა რომ 8 მარტი იყო. ვკითხე რამდენია ჩემზეთქო და არაფერიო, როგორ მეთქი? გავიოცე… ხომ შემიძლია დღეს ვინმეს რამე ვაჩუქოო და მაჩუქებინეთო ☺️ ძალიან შემრცხვა, მაგრამ მივხვდი რომ ძალიან გულითადი პიროვნებაა