რა ეწერა ვილი სანიოლის წერილში, რომელიც საქართველო-ესპანეთის თამაშის დროს გუნდის კაპიტანს გურამ კაშიას გიორგი წიტაიშვილმა გადასცა – კითხვა გადაცემა “შუადღის” ჟურნალისტმა კაშიას ექსკლუზიურად დაუსვა.
“არ ვიცი, ვერ წავიკითხე. მე ხომ ვერ ვკითხულობ”, – უპასუხა გურამ კაშიამ ჟურნალისტს.
შემდეგ კი აღიარა, რომ წერილი ტექნიკურ გადაადგილებას ეხებოდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაეხმარა თუ არა რჩევა გუნდს, კაშია პასუხობს, რომ ვერა, რადგან ესპანეთთან მატჩი 4-1 დასრულდა.
ცნობისთვის, ერთ-ერთ ინტერვიუში, გურამ კაშიამ განაცხადა, რომ დისლექსია აქვს: “დისლექსია თუ გაგიგიათ? კითხვის პრობლემა ვისაც აქვს, აი, მე ვარ დისლექტიკი. მთელი ბავშვობა ჩემი თავი შტერი, გაუნათლებელი მეგონა. ყველა მასწავლებელი მაგას მეუბნებოდა. ხმამაღლა კითხვა არ შემიძლია, ასოები მერევა. მთელი ბავშვობა კომპლექსი მქონდა. სანამ ჰოლანდიაში არ წავედი და იქ ინგლისურის სწავლა არ დავიწყე… მასწავლებელმა მითხრა, შვილო, წადი, დისლექსიაზე შეემოწმეო. საერთოდ არ ვიცოდი, ეგ რა სიტყვა იყო. სპეციალური უნივერსიტეტია და იქ ლექციები გავიარე. საქართველოს მოსახლეობის 14%-ს დისლექსია სჭირს, საქართველოში რამდენი სკოლა იქნება? სპორტსმენი რომ არ ვყოფილიყავი, ახლაც არ მეცოდინებოდა, რომ დისლექტიკი ვარ”.