საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ისტორია დაწერა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, „ჯვაროსნებმა“ პორტუგალია 2:0 დაამარცხეს და ვილი სანიოლის გუნდის წარმატებას იქაური პრესა ასე გამოეხმაურა:
Record: „სიურპრიზი გელზენკირხენში. საქართველოს პირველი გამარჯვება სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე და კვალიფიკაცია მერვედფინალში. ძირითად შემადგენლობაში მოხდენილმა რევოლუციამ ცუდი შედეგი განაპირობა“.
RTP: „პორტუგალიამ საქართველოს წინააღმდეგ ცუდად ითამაშა და მიწაზე დაენარცხა. კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ საქართველოს ისტორიული წარმატება მოაპოვებინეს. რობერტო მარტინესის გუნდს ძალიან ცუდი დღე ჰქონდა“.
Publico: „პრაგმატულმა რობერტო მარტინესმა ევრო 2024-ის ბოლო შეხვედრა ექსპერიმენტისთვის გამოიყენა, რომელიც ცუდად დასრულდა და პორტუგალია საქართველოსთან დამარცხდა“.
A Bola: „სუსტი თამაში, ბევრი შეცდომა და უსულო გუნდი. რობერტო მარტინესმა თითქმის ყველაფერი შეცვალა… და ყველაფერი უარესობისკენ წავიდა. აუცილებელია, თავდაპირველ ფორმულას დავუბრუნდეთ“.
SAPO: „ყველას წარუმატებლობა. რობერტო მარტინესის რევოლუციამ კრახი განიცადა“.
O Jogo: „პორტუგალიამ ევრო 2008 გაიმეორა. თურქეთი და ჩეხეთი დაამარცხეს, მესამე მატჩი კი 0:2 წააგეს“.
ZeroZero: „პირველი ოფიციალური მარცხი რობერტო მარტინესის ეპოქაში. ეროვნული ნაკრები ძალიან ცოტა საქებარ სიტყვას იმსახურებს“. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა დააგროვა და ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა. „ჯვაროსნები“ პლეიოფში გავიდნენ და მერვედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩი 30 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.