კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ალავერდის მონასტერთან ამოვარდნილ ქარიშხალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მათი თქმით, ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში ადგილი ჰქონდა შიდა-მასიურ ლოკალურ პროცესს, რაც გამოიხატა ტერიტორიაზე ქარის ხანმოკლე გაძლიერებით. შედეგად დაზიანდა ალავერდის როგორც შიდა, ასევე გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი. წაიქცა ხეები, დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ბოძების კაბელები, რის გამოც სოფლის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა.
შეგახსენებთ, სოფელ ალავერდში ძლიერი ქარის შედეგად, დაზიანებულია ალავერდის მონასტრის სახურავი და მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, ასევე, ავტომობილები.