მსოფლიო ჩემპიონატები, რომლებსაც მილიონობით ადამიანი გულშემატკივრობს, ხშირად სპორტსმენების საოცარი დრამებისა და ცხოვრებისეული ტრაგედიების ფონზე მიმდინარეობს. შეიძლება სტადიონზე გასული მოთამაშე ცხოვრების ყველაზე მძიმე ეტაპს გადიოდეს და უკანასკნელ ძალებს იკრებდეს გამარჯვებისთვის. ეს ემოციები სპორტულ შედეგებზეც აისახება და ეს ისტორიაც ამის დასტურია. მამამ მომაკვადავი ქალიშვილისთვის ისეთი დაუჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რომ ის სამუდამოდ შევიდა ფეხბურთის ისტორიის ოქროს ფონდში.
სოციალურ ქსელში ამ ამბავს დიმიტრი ქიტოშვილი იხსენებს. პოსტი 2018 წელსაა გამოქვეყნებული:
“ალბათ, ბევრს გახსოვთ დანიის ნაკრების სენსაციური გამარჯვება ევრო 92-ზე. ამ ისტორიას აქვს სხვა მხარეც, ძალიან სევდიანი და ტრაგიკული, მაგრამ ამასთან, სრულიად საოცარი.
1992 წლის ზაფხულში იუგოსლავიის ნაკრები პოლიტიკური მიზეზებით მოკვეთეს შვედეთში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატიდან და მისი ადგილი მოულოდნელად ერგო დანიის ნაკრებს, რომელიც ჩემპიონატზე ვერ მოხვდა და მისი წევრები მშვიდად ისვენებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კურორტზე.
თავიდან, დანიაში ეს არავინ დაიჯერა. ყველას ხუმრობა ეგონა, ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რიჰარდ მელერნილსონის ჩათვლით, რომელიც, როდესაც აღმოაჩინა, რომ ხუმრობა არ იყო, სასწრაფოდ შეუდგა ფეხბურთელების შეგროვებას.
ეს არ გამოდგა ადვილი საქმე, რადგან ფეხბურთელებსაც არ სჯეროდათ, ეგონათ, აშაყირებდნენ და ტელეფონს უთიშავდნენ მწვრთნელს. მელერნილსონს დიდ ჯაფად დაუჯდა ნაკრების შეკრება. არავის უნდოდა შვებულების შეწყვეტა, ყველამ იცოდა, რომ უვარჯიშებელი და შეუთამაშებელი დანიის ნაკრები დამარცხებისთვის იყო განწირული.
თავდაპირველად, თამაშზე უარი თქვა კიმ ვილფორდმაც, თუმცა მისი მიზეზი გაცილებით სევდიანი იყო კიმის პატარა ქალიშვილი წარუმატებლად ებრძოდა კიბოს საავადმყოფოს პალატაში. გუნდს და მწვრთნელს ესმოდათ, რა საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდა ვილფორდი. მას შესთავაზეს ნებისმიერი პირობა, რასაც მოისურვებდა, მაგრამ ვერ დაითანხმეს. მოულოდნელად, უკანასკნელ დღეებში პატარა ლინის მდგომარეობა გაუმჯობესდა და შვილმა და მეუღლემ ერთდროულად სთხოვეს კიმს, წასულიყო ჩემპიონატზე. მწვრთნელმაც ნება დართო ვილფორდს, ყოველი თამაშის მერე დაბრუნებულიყო დანიაში, შვედეთიდან კოპენჰაგენი ხომ იქვე იყო.
დანიამ პირველი მატჩი ფრედ ითამაშა ინგლისთან, მეორეში მასპინძელ შვედებთან დამარცხდა. მოულოდნელად, პატარა ლინის მდგომარეობა მძიმდება და შესვენებაზე მეუღლე სთხოვს ვილფორდს, სასწრაფოდ დაბრუნდეს კოპენჰაგენში. ვილფორდი ალაგებს ბარგს და მიემგზავრება. თანაგუნდელებს სთხოვს, აღარ ელოდონ ჩემპიონატი მისთვის დასრულებულია. საფრანგეთთან მატჩს ის უკვე საავადმყოფოში უყურებს ლინთან ერთად. ანგარიშს დანია ხსნის. საფრანგეთი ათანაბრებს და დანია გავარდნის პირასაა, მაგრამ თამაშის მიწურულს ელსტრომს გააქვს გამარჯვების გოლი.
ვილფორდი ხედავს, როგორ ცოცხლდება მთელი კლინიკა. გამხდარი, თმაგაცვენილი, გატანჯული ადამიანები უეცრად ივიწყებენ სიკვდილსა და ტკივილს და მხიარული შეძახილებით იკლებენ საავადმყოფოს. ისინი ბედნიერები არიან. ლინიც ბედნიერია. მასაც ავიწყდება სასიკვდილო დაავადება, თუნდაც 90 წუთით. ვილფორდი საავადმყოფოს ტუალეტში იკეტება და ტირის. ტირის ტკივილისა და სიხარულისგან.
ნახევარფინალში დანიას ხვდება ჰოლანდიის საოცარი ნაკრები, ჩემპიონატის უპირველესი ფავორიტი. ვილფორტი შვილის თხოვნით ნაკრებში ბრუნდება. მას ახსოვს, ვისთვის თამაშობს, ვისთვის უნდა გაიტანოს. იცის, როგორ უნდა გააბედნიეროს სიკვდილის პალატის ბინადრები, თუნდაც რამდენიმე წუთით.